აცრის წამახალისებელი გათამაშების შედეგად ამ დრომდე 1 620 000 ლარი გათამაშდა. ჯამური საპრიზო ფონდი კი 2 მლნ 800 ათასი ლარoა და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
ლატარია „აიცერი და მოიგე“ 14 სექტემბრიდან დაიწყო. გათამაშების ფარგლებში, ყოველდღიურად აცრილ მოქალაქეებს თანხის მოგების შესაძლებლობა აქვთ.
ყოველდღიურ ლატარიაში ავტომატურად მონაწილეობს ყველა, ვინც დღემდე ერთი დოზით მაინც არის ვაქცინირებული.
ყოველდღე თამაშდება 100 და 500 ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 26 დეკემბერს ,,საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი. ლატარიის გათამაშებები იმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge -ზე ყოველდღე 12:00 საათზე, ხოლო ყოველკვირეული – ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე.
StopCovid ლატარიის “აიცერი და მოიგეს” გათამაშების ბილეთებს აცრილი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ იღებენ.
ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’ ჩატარების მიზნად ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა, ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის, ვაქცინაციის პროცესისადმი ლოიალურობისა და სანდოობის გაზრდა დასახელდა, თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლატარიამ მხოლოდ გარკვეულწილად იმუშავა.
„ვფიქრობ, ლატარიამ გარკვეულწილად იმუშავა, თუმცა რომ გითხრათ, ძალიან დიდი სტიმული მისცა ვაქცინაციას-მეთქი, ასე არ იყო“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ შეფასებით კი ლატარია ეფექტიანია. „მილიონი ლარია დახარჯული, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს მილიონი ლარი მოსახლეობაზე გადანაწილდა. ნამდვილად ეფექტიანია. მე ვფიქრობ, ამან ვაქცინაციაზე იმოქმედა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ოქტომბრის ბოლოს.
სტატისტიკა ადასტურებს, რომ ლატარიის ამოქმედების პერიოდიდან ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანი მატება არ ყოფილა. 200-ლარიანი დანამატის ამოქმედება კი უკვე აისახა აცრებზე მოთხოვნის ზრდაზე. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის ტემპების 30%-ით მატებაზე საუბრობენ.
თეორიულად, იმ შემთხვევაში თუ აიცრება 60 წელს გადაცილებული ყველა ის ადამიანი, რომელსაც აცრა ამ დრომდე არ გაუკეთებია – მათი რაოდენობა კი 500 ათასია, სახელმწიფოს ამ პროგრამაში 100 მილიონი ლარის დახარჯვა მოუწევს.
სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტის ელდარ პირმისაშვილის შეფასებით, ამგვარი ეფექტი მოსალოდნელი იყო, რადგან ლატარია ყველა ჯგუფზე იყო მორგებული და თან ბუნდოვანი იყო მოგების შანსი. შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესზე ამ მექანიზმს ნაკლები ეფექტი ჰქონდა. ხოლო 200 ლარიანი დანამატი კონკრეტულ ჯგუფზეა მორგებული და თან – რეალური და გარანტირებულია.
„გასათვალისწინებელია, რა სოციალური ფონია პესიონრებში, 200 ლარი თითქმის ერთი თვის პენსიაა, ამიტომ ეს მექანიზმი დიდი ალბათობით რეალურად იმუშავებს და გავლენას მოახდენს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესზე,“ – განაცხადა პირმისაშვილმა.