უახლოეს პერიოდში საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის დეგრადირება მოხდება, შესაძლებელია კოლაფსიც – ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
ადეიშვილის თქმით, საქართველოს ისეთი ძვირადღირებული პროგრამის დაფინანსებისთვის, როგორიც უფასო ჯანდაცვის სისტემაა, საკმარისი რესურსები არ აქვს.
“ძნელია, ვინმეს არ მოეწონოს უფასო ჯანდაცვა. ნებისმიერი ადამიანისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. მაგრამ ჩნდება მეორე კითხვა, რა რესურსებით ხდება ამის დაფინანსება?
ანუ არის თუ არა საქართველოში საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს უნივერსალური უფასო ჯანდაცვის უზრუნველყოფა?! ეს პრობლემა იმ ქვეყნებსაც უდგათ, რომლებიც საქართველოსთან შედარებით განვითარების გაცილებით მაღალ ეტაპზე არიან და მათმა დიდმა ნაწილმა ეს დღემდე ვერ შემოიღო. ამ სისტემის დეგრადირება საქართველოში უახლოეს პერიოდში მოხდება, შესაძლებელია კოლაფსიც”, – განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.