საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 8 იანვრის მდგომარეობით, 2016 წლის ბიუჯეტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის განსაზღვრული 570 მილიონ ლარიდან 18 მილიონი უკვე დახარჯული აქვს,
– განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„საავადმყოფოების მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს წარმოქმნილი დიდი დავალიანებების შესახებ არაერთხელ დავწერე და ვივარაუდე, რომ უწყება ამ დავალიანებების გასტუმრებას იანვრიდან, უკვე ახალი, 2016 წლის ბიუჯეტიდან დაიწყებდა. ასეც მოხდა. ხარჯვა რომ ამ ტემპით გაგრძელდეს, 570 მილიონი ლარი აგვისტოს ბოლოს უკვე ამოწურული იქნება.
შეგახსენებთ, 2015 წლისთვის განსაზღვრული 470 მილიონი ლარი უკვე ოქტომბერში ამოიწურა და საბოლოოდ პროგრამას 101 მილიონო დაემატა. დამატების იმედად დავით სერგეენკო წელს ვერ იქნება. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება და, სამწუხაროდ, წელს დასამატებელი რესურსი, საეჭვოა, იყოს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სამინისტროში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ საყოველთაობა მიზნობრიობით უნდა შეიცვალოს, ანუ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს გაჭირვებულებს და არა ყველას.
„საყოველთაობაზე უარის თქმა პრობლემის გადაჭრის მხოლოდ ერთი ნაწილია. უფრო მნიშვნელოვანი ნაწილია ხარჯვის ეფექტური მექანიზმების შემოღება, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2016 წელს უფრო დიდი უძირო ქვევრი არ აღმოჩნდეს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დავალიანებების ერთბაშად გასტუმრებას სხვა ეფექტიც აქვს. ამ ეფექტს სავალუტო ჯიხურების აბრებზე, ან საკუთარ ჯიბეზე უნდა დავაკვირდეთ“, – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.