შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის თემაზე კომენტარის გაკეთებას, ის საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, არ დაიზარებს.
მინისტრი განმარტავს, რომ პროექტს შეფერხება არც ერთი დღით არ ჰქონია.
“გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან, მე ნამდვილად არ დავიზარებ, ყოველთვის გავაკეთო კომენტარი მრავალჯერ გაჟღერებულ აპოკალიფსებზე, რომ დაიქცა საყოველთაო ჯანდაცვა. წელიწადი მთავრდება და ალბათ, საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ერთი დღითაც არ ჰქონია შეფერხება პროექტს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება შეკითხვას, ხომ არ იგეგმება ასაკით პენსიონერების გარდა პენსიის ზრდა სხვა კატეგორიის პენსიონერებისთვისაც, სერგეენკო აცხადებს, რომ საქართველოს ბიუჯეტის დამტკიცების პრეროგატივა პარლამენტს ეკუთვნის.
“პარლამენტს ეკუთვნის პრეროგატივა დაამტკიცოს ბიუჯეტი ამ ან სხვა სახით”, – განაცხადა სერგეენკომ.
ამ წუთებში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც მინისტრთა კაბინეტი 28 საკითხს განიხილავს.