„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის – ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტში მხოლოდ ერთი კვირის თანხაა დარჩენილი, რაც მისი თქმით, მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობას, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.
ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე აცნობა.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტში მხოლოდ 12 მლნ ლარია დარჩენილი. თუ პროგრამიდან საავადმყოფოებისათვის ვალების გასტუმრების დღემდე არსებულ ტემპს გავითვალისწინებთ, ეს თანხა ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ ერთი კვირა თუ ეყოფა.
დღემდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყოველდღიური საკასო ხარჯი საშუალოდ 1,56 მლნ ლარია. დეკემბერში პროგრამას მინიმუმ 48 მლნ ლარი სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ დამატებითი 36 მლნ ლარი კიდევ რომ იქნას მოძიებული, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დავალიანებას სრულად დაფარავს. არა! დავალიანება დარჩება და ეს მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.
აღსანიშნავია, რომ 2 კვირაც არ გასულა, რაც მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 96 მლნ ლარით გაუზარდა დაფინანსება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ქრონიკულად დეფიციტურ ბიუჯეტს ამ თანხიდან 50 მლნ ლარი ერგო და პროგრამის უკვე 484 მლნ ლარამდე გაზრდილი ფინანსები 534 მლნ ლარამდე გაიზარდა.
ჯერჯერობით არ ჩანს, საიდან მოიძიებს დავით სერგეენკო კიდევ 36 მლნ ლარს. არადა ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანება საავადმყოფოების მიმართ 100 მლნ ლარზე მეტია და, საგანგებო ზომების მიღების გარეშე, მედპერსონალის მნიშვნელოვან ნაწილს უხელფასოდ მუშაობა ემუქრება 2016 წლის იანვრამდე, ვიდრე ახალი ბიუჯეტი არ ამოქმედდება.
როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, დავით სერგეენკოს რამდენიმე ალტერნატივა აქვს:
1. მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე კიდევ ამატებს თანხებს. სერგეენკოსთვის ეს ყველაზე ადვილი გამოსავალია, ღარიბაშვილი-ხადურისათვის – ყველაზე რთული.
2. ჯანდაცვის მინისტრი საავადმყოფოებში სამედიცინო რეგულირების სააგენტოს “სადამსჯელო რაზმებს” აგზავნის და საავადმყოფოებისათვის 2013-14-15 წლებში უკვე გადარიცხული თანხების კორექტირებას იწყებს. ეს ნიშნავს, რომ საავადმყოფოებისათვის სამინისტროს მიმდინარე და ნოემბერ-დეკემბრის მომავალი დავალიანება კორექტირებისას “აღმოჩენილი” ჯარიმებში გაიქვითება.
3. სამინისტრო უთანხმდება სამედიცინო სექტორს, რომ ნოემბერ-დეკემბერში საავადმყოფოებს თანხებს ვეღარ ან მინიმალურად ჩაურიცხავს და, სამაგიეროდ, 2016 წლის იანვარში, როცა ახალი ბიუჯეტი შევა ძალაში, ერთბაშად ჩაურიცხავს 100 მლნ ლარზე მეტს.
სამედიცინო პერსონალმა უხელფასოდ რომ მიატანოს იანვრამდე და ხმა არ ამოიღოს, თუ 2016 წლის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტრომ ერთბაშად გაისტუმრა 2015 წელს დაგროვილი დავალიანება, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ისედაც გაუბედურებულ ლარს რა დღე ელის. ეს კი იმავეს ნიშნავს, რაც ენერგეტიკაში მოხდა: დღეს გვიზოგავენ 1 თეთრს, ხვალ კი სანაცვლოდ ჯიბიდან 3 თეთრს გვაცლიან.“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.