ვფიქრობ, სერგეენკოს გუნდი პირველადი რგოლის რეფორმას სწორ მიმართულებას მისცემს. ჯანდაცვის პირველ რგოლში ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში რეფორმის გატარებას გეგმავს.
პირველადი ჯანდაცვა, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტად გამოცხადდა.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, პაციენტებთან ერთად, ეხებათ მედიკოსებს, ექიმებს, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებს. ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს ვახტანგ რჩეულიშვილი გამოხმაურა. მან დადებითად შეაფასა ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობა.
„მე მჯერა მინისტრ სერგეენკოს პროფესიონალიზმის და ვფიქრობ, რომ პირველი რგოლის რეფორმას სწორ მიმართულებას მისცემს ის და მისი გუნდი.
დაავადებების ადრეული გამოვლენა, პრევენცია და დროულად დაწყებული მკურნალობა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების გარანტიაა.
რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვეუბნება, თუ პირველადი რგოლი მართლაც გამართულად იმუშავებს, თუ ოჯახის ექიმთან ვიზიტი ერთგვარ კარგ ტრადიციად იქცევა, უახლოეს მომავალში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ეს აუცილებლად მოახდენს დადებით ეფექტს“, მიაჩნია რჩეულიშვილს.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად გაწვდება საყოველთაო ჯანდაცვის პარალელურად საჭირო მასშტაბურ ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო, იგი ფიქრობს, რომ აქ სიფრთხილეა საჭირო.
„ამ რისკებს ჩემი აზრით, ლარის კურსის რყევა დოლართან მიმართებაში საკმაოდ ზრდის. ნეტავ გაუძლოს ჩვენმა ეკონომიკამ.ჩვენსავით დაბალი დონის ეკონომიკის მქონე არც ერთ ქვეყანაში, ამ დონის მომსახურება, ვფიქრობ, არსად არის ჯანდაცვაში“, – აღნიშნა ვახტანგ რჩეულიშვილმა.
მისი აზრით, რსებულმა ხელისუფლებამ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ხელი მოკიდა C ჰეპატიტის საყოველთაო მკურნალობის პროგრამას.
„ეს არის უმძიმესი და უძვირესი მკურნალობა, რამდენადაც ერთი ავადმყოფის მკურნალობის ერთი კურსი დაახლოებით ათი ათას დოლარამდე ჯდებოდა.
საქართველოში კი ეს ყველაფერი კეთდება თითქმის უფასოდ. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა გენს აქვს თავისი მახასიათებელი დაავადებები. მაგალითად, ქართველებს გვაქვს დაბალი წინააღმდეგობის უნარი ამ ავადმყოფობის წინაშე. ამიტომაც აქვს ამ პროგრამას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა“, – განაცხადა რჩეულიშვილმა.