ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გოგა გოგნიაშვილი პირველადი ჯანდაცვის რგოლში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება.„დაავადებათა პრევენცია უმნიშვნელოვანესია, ამას განსაკუთრებული მსჯელობა არ სჭირდება.
პროფესიონალიზმი და დაავადებათა პრევენცია მათი შემდგომი პროფილაქტიკისა და კონტროლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ამის განხორციელება შესაძლებელია და თუ სახელმწიფოს ამის სახსრები გააჩნია, რასაკვირველია, ეს უნდა გაკეთდეს.
თუმცა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არ ვიცი შეძლებს თუ არა სახელმწიფო ამ ტვირთის ზიდვას. რადგან საყოველთაო ჯანდაცვა დამატებითი ტვირთია ჩვენი ბიუჯეტისთვის.
თუ დათვლილი აქვთ ხარჯები და ბიუჯეტი ამ რეფორმის ხარჯებსაც გაწვდება, ბუნებრივია, მხოლოდ მივესალმები”, – აცხადებს გოგნიაშვილი.
იგი ამბობს, რომ პირადად არ ჰქონია ჯანდაცვის სისტემასთან შეხება, თუმცა იცის, რომ მოსახლეობა მეტ-ნაკლებად კმაყოფილია, იმასთან შედარებით, რა სიტუაციაც ადრე იყო ამ სისტემაში.
„ის ფაქტი, რომ მოსახლეობას გარკვეულწილად შეუძლია დაფინანსება მიიღონ ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ძალიან კარგია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რამდენად გასწვდება ამას ჩვენი ბიუჯეტი და კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს, რთული სათქმელია“, – განაცხადა გოგა გოგნიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტად გამოცხადდა და მასზე მუშაობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსმა“ დაიწყო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად.