კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად მზადება დაიწყეს. ამ მიზნით ისინი სხვადასხვა მააკრედიტებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას იწყებენ.
რამდენიმე დღის წინ “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა” ხელშეკრულება გააფორმა „აკრედიტაცია კანადასთან“.
მემორანდუმის თანახმად, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი “აკრედიტაცია კანადასთან“ ერთად იწყებს საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესს.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ვალდებულია, 2023 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტროს წარუდგინოს აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება და ინფორმაცია მიაწოდოს მიმდინარე სერტიფიცირების პროცესის შესახებ.
კიდევ ერთი საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ჰოსპიტალურ ბაზარზე შემოდის, გერმანული Temos international-ია. ჯანდაცვის ასოციაციაში გაწევრიანებული კლინიკების წარმომადგენლებმა ამ კომპანიასთან 11 მაისს პირველი შეხვედრა გამართეს.
ჯანდაცვის სფეროში აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია Temos international-ი 2010 წელს დაარსდა. Temos-ი კლინიკებს ეფექტიანობის უმაღლესი დონის მიღებაში ეხმარება.
კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, Temos-ის მიზანია სამედიცინო და არასამედიცინო სერვისების ნეიტრალური შეფასება და დადასტურება, სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის პოტენციალის გამოვლენა, პაციენტების უწყვეტი მოვლის უზრუნველყოფა. Temos International-ს გააჩნია რეგიონული ოფისები მთელ მსოფლიოში, რაც მას საშუალებას აძლევს, მოემსახუროს ექიმებსა და პაციენტებს 6 კონტინენტზე.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან, სტაციონარულ და ამბულატორიულ/დღის სტაციონარს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ევალება. მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ შეძლებენ სამედიცინო დაწესებულებები საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას.
ამასთან, სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, 2023 წლის ბოლოს თვითშეფასების ეტაპი დასრულებული ჰქონდეთ და ჯანდაცვის სამინისტროში სულ მცირე, კონტრაქტი წარადგინონ რომელიმე კომპანიასთან, რომელსაც შეარჩევენ, რათა, როგორც მინისტრმა აზარაშვილმა ერთერთ განცხადებაში განმარტა, „შემდეგ 2024 წლის ბოლოს გადავადება არ ითხოვონ.“
რაც შეეხება თავად სტანდარტებს, საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე. რამდენიმე კლინიკას, საკუთარი ინიციატივით, უკვე გავლილი აქვს ეს აკრედიტაცია.