მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის სისტემა ნაკლებად მიმზიდველი და ნაკლებად მოქნილი აღმოჩნდა, ჯანდაცვის სერვისების მიწოდების სისტემა კვლავ ჰოსპიტალურ სერვისებზეა ორიენტირებული.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ, არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის 2023 – 2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაშია აღნიშნული.
„არაგადამდები დაავადებების პრევენციის, მართვისა და კონტროლის მიზნით, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები განხორციელდა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში. თუმცა ქვეყანამ ვერ მიაღწია სასურველ შედეგს, რადგან მოსახლეობისთვის ნაკლებად მიმზიდველი და ნაკლებად მოქნილი აღმოჩნდა პირველადი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც არ არის სრულად მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პირველადი ჯანდაცვის დონეზე დაავადებების მართვის დაბალი მოტივაცია და ანგარიშვალდებულება სერვისების ანაზღაურების არსებული მექანიზმების გამო, შეზღუდული დაფინანსება და ა.შ.
შედეგად, ჯანდაცვის სერვისების მიწოდების სისტემა კვლავ ჰოსპიტალურ სერვისებზეა ორიენტირებული, ხოლო პირველადი ჯანდაცვის „მეკარიბჭის“ როლი შეზღუდული რჩება განსაკუთრებით ე.წ. ამბულატორიულად „სენსიტიური“/მართვადი დაავადებების მიმართ, რომლებიც ძირითადად აგდ დაავადებებს წარმოადგენს,“ – ნათქვამია სტრატეგიაში.
მასში ასევე ვკითხულობთ, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია 2020 წელს პჯდ დაწესებულებების სელექციის შედეგად, მწირი შესაძლებლობების და დატვირთვის მქონე დაწესებულებების გამოთიშვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ისე, რომ შენარჩუნდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.
არაგადამდები დაავადებების ეფექტიანი პრევენციისა და მართვისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა არაგადამდები დაავადებების ნაკლებად განვითარებული მონიტორინგისა და ზედამხედველობის სისტემა და რისკ-ფაქტორების შესახებ რუტინული სტატისტიკური მონაცემების პრაქტიკულად არარსებობა.
„პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც 2023 წლიდან დაიწყება ქვეყანაში, მოიცავს არაგადამდები დაავადებების პრევენციის მიმართულებით პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენელთა მეტ ჩართულობას შესაბამისი ინდიკატორებისა და მექანიზმების დანერგვით და ამ რგოლში მომუშავე ექიმებისა და ექთნების მომზადება-გადამზადებით. მოსახლეობის სამედიცინო განათლების დონის ამაღლებისა და ქცევითი რისკ-ფაქტორების შემცირებისკენ არის მიმართული ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით დაგეგმილი ღონისძიებები,“ – ნათქვამია დოკუმენტში.