ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ განსაზღვრა ის კრიტერიმები, რომლებსაც სამედიცინო სახარჯი მასალა უნდა აკმაყოფილებდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა ტელეკომპანია „პოსტივის“ გადაცემაში „ბიზნესპოსტი“ განაცხადა.
მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა კონკრეტული ექიმები პაციენტს ეუბნებოდნენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინქნსებული მასალები უხარისხოა და ურჩევდნენ სხვა მასალების გამოყენებას.
ამიტომ, ღუდუშაურის განცხადებით, სამინისტრომ გადადგა პირველი ნაბიჯი და ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა მინიმალური სტანდარტები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს სახარჯმა მასალამ. საუბარია სტენტებზე, იმპლანტებსა და თვალის ხელოვნურ ბროლზე.
„მოთხოვნილია კონკრეტული სერტრიფიკატები, ევროპულ და ამერიკულ რეგისტრებში რეგისტრაცია და ყველა ის მასალა, რომელიც კლინიკამ უნდა გამოიყენოს, უნდა იყოს კარგი ხარისხის. ის მასალა, რომელიც ექიმმა შესაძლოა შესთავაზოს პაციენტს, შეიძლება არის უკეთესი ხარისხის, მაგრამ პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსებული მასალა არის ხარისხიანი, არაა სახიფათო და არის გრძელვადიანი,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, სამინისტრო აკვირდება სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტს და ბოლო 5-6 თვის განმავლობაში იმპორტი მნიშვნელოვნად შეცვლილი არაა.