საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებულ სამედიცინო სერვისებში თანაგადახდაზე მაქსიმალური ზღვარი, „ჭერი“ წესდება. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, დადგინდება თანხის ის მაქსიმალური რაოდენობა, რომლის ზემოთაც სხვადასხვა ლიმიტის მქონე ადამიანებს თანხის გადახდა არ მოუწევთ.
„სოციალურად დაუცველების შემთხვევაში თანაგადახდა 0%-ია და სრულად სახელმწიფო აფინანსებს სამედიცინო ჩარევებს. პენსიონრების შემთხვევაში 10%-ია, 20% ბავშვების შემთხვევაში და 30% 40 ათას ლარამდე წლიური შემოსავლის შემთხვევაში. ჩვენ განვსაზღვრეთ მაქსიმალური ჭერი ანუ სოციალურად დაუცველთა შემთხვევაში ისედაც 0 იყო თანაგადახდა და ეს რასაკვირველია ასე დარჩა. პენსიონრის შემთხვევაში 10% და არაუმეტეს 500 ლარი იქნება ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში მათი თანაგადახდის წილი. 18 წლამდე ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების შემთხვევაში 20% და არაუმეტეს 1000 ლარი, ხოლო ყველა დანარჩენისთვის, ვისი შემოსავალიც არის 3500 ლარზე ნაკლები ყოველთვიურად ეს იქნება არაუმეტეს 1500 ლარისა,“ – განმარტა მინისტრმა.
სამედიცინო სერვისებზე თანაგადახდის „ჭერის“ დაწესების გეგმების შესახებ jandacva.ge რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელზე, მაია მახარაშვილზე დაყრდნობით წერდა.
მახარაშვილი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც გარკვეული შემოსავალი უფიქსირდება და, შესაბამისად, თანაგადახდის წილიც ყველაზე მაღალი – 30% აქვთ. თუმცა ძვირადღირებული სამედიცინო სერვისების შემთხვევაში, მაგალითად მწვავე ანემიის პირობებში, რომლის მკურნალობის ღირებულება შეიძლება 3 ათას ლარსაც აღწევდეს, 900-ლარიანი ხარჯი დაბალი ან საშუალო შემოსავლიანი მოქალაქისთვის საკმაოდ დიდი თანხაა. როგორც მაია მახარაშვილი ამბობდა, იყო შემთხვევები, როცა ასეთი მაღალი თანაგადახდის დროს ზოგიერთი პაციენტი გარკვეულ მკურნალობაზე უარსაც კი ამბობდა.