სახელმწიფოს აქვს მიდგომა, რომ ჰოსპიტალური სერვისების სექტორში მისი ხვედრითი წილი გაიზარდოს.
ამის შესახებ დღეს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კონცეფციის პრეზენტაციაზე ითქვა.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ უწყებამ დაიწყო სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის გაცნობა და გამოიკვეთა, რომ განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალური სექტორის მართვაში და პროცენტულად დომინანტური როლი აქვს.
ამასთან, პრეზენტაციაზე ითქვა ისიც, რომ თავად კერძო სექტორშიც ხშირადაა არაკომერციული, არამომგებიანი სტატუსის მქონე საწარმოები და ეს ფაქტორიც უნდა იქნას გათვალისწინებული.
პრეზენტაციაზე მოყვანილი იქნა განვითარებული ევროპული ქვეყნების მაგალითები და ითქვა, რომ, მაგალითად გერმანიაში სახელმწიფოს მართვაშია ჰოსპიტალური საწოლების ნახევარი, საფრანგეთში – 65, დანიაში 97, ხოლო იტალიაში 79.
საქართველოში კი, პრეზენტაციის თანახმად, ჯამში 18 000 საწოლზე მეტია, მათგან კერძო კლინიკებში – 16 400 საწოლი (91%), სახელმწიფო კლინიკებში – 1 600 საწოლი (9%).
2022 წლის მონაცემებით ჯანდაცვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გადანაწილება ასეთი იყო: კერძო კლინიკებში – 1 311 126 მლნ (91.2%), სახელმწიფო კლინიკებში – 127 481 მლნ (8.8%).
საქართველოს 2022 − 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის თანახმად, 2007 წლის პრივატიზაციის რეფორმის შედეგად, ჯანდაცვის სექტორის დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაში გადავიდა, რამაც ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისების მონოპოლიზაციის საფრთხე შექმნა. საპასუხოდ, 2014 წლიდან, მთავრობამ ჯანდაცვის სტრატეგიული დაწესებულების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება დაიწყო.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტლების ქსელი ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაძლიერდა ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ჩამოყალიბებით, რომელიც აერთიანებს 26 სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ჩამოყალიბების შედეგად და კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 683-დან (2020 წელს) 1660-მდე (2021 წელს). მონოპროფილური საავადმყოფოები (მ.შ. ფსიქიატრიის, ტუბერკულოზის, ინფექციური სერვისები) უმეტესად სახელმწიფო მფლობელობაში რჩება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე საავადმყოფო საწოლები არათანაბრად არის განაწილებული, მათი უმეტესობა თავმოყრილია დედაქალაქსა და რეგიონულ ცენტრებში. საწოლების მთლიანი რაოდენობის (18,560) დაახლოებით 84% კერძო საკუთრებაშია,“ – ნათქვამია სტრატეგიაში.
დღევანდელი პრეზენტაციის თანახმად, საქართველოში სახელმწიფო კლინიკების ხვედრითი წილის გაზრდა არანაკლებ 60%-მდე იგეგმება.