ბოლო 10 წელიწადში მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის სერვისებზე ჯიბიდან გადახდილი თანხა სამედიცინო ხარჯების 70%-დან 30-33%-მდე შემცირდა. სახელმწიფოს კი აქვს ამბიციური გეგმა, უკვე 2026 წლისთვის ეს მაჩვენებელი 10%-მდე შემცირდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემაში „ბიზნესი რუსთავზე“ განაცხადა.
„ჩვენი ამოცანაა, როგორც მედიკამენტებზე, ისე სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები დავიყვანოთ მინიმუმამდე და 2026 წლისთვის, ჩვენი ჯანდაცვის სტრატეგიის მიხედვით, გვაქვს ამბიციური გეგმა, ჯიბიდან გადახდები 10%-ს ჩამოსცდეს, ანუ მოქალაქეებს მინიმალური გადასახადი ექნებათ ჯიბიდან როგორც სამედიცინო სერვისზე, ისე მედიკამენტებზე,“ – განაცხადა მინსიტრმა და აღნიშნა, რომ გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარ მოსახლეობაზე.
მინისტრის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვამ ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და მათ აღარ უწევდათ ქონებების და სახლების გაყიდვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად. თუმცა, აზარაშვილის განცხადებით, სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწოს და 1-2 წელიწადში ქვეყანას უნდა ჰქონდეს უნივერსალური, იდეალური პროგრამა.