ერთ-ორ წელიწადში გვექნება საყოველთაო ჯანდაცვის უნივერსალური, იდეალური პროგრამა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემაში „ბიზნესი რუსთავზე“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროგრამის ამოქმედებამდე, ანუ 2013 წლამდე, მოქალაქეებს საკუთარი ჯიბიდან უწევდათ სერვისების ღირებულების 70%-ის გადახდა, რის გამოც ყიდდნენ ქონებებს და სახლებს. მინისტრის განცხადებით, სწორედ აქედან წამოვიდა იპოთეკური სესხების პრობლემა.
როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვამ ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, მათ აღარ უწევთ ქონებების გაყიდვა სამედიცინო მომსახურებების მისაღებად. მინისტრის შეფასებით, პროგრამა ძალიან წარმატებული და შედეგიანია და იმ ეტაპზეა, როცა 1-2 წელიწადში გვექნება უნივერსალური და იდეალური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს ჯანდაცვის სერვისებს უფინანსებს, ტარიფები და ბიუჯეტიდან გადახდები კი ადეკვატურია.
ამას გარდა, აზარაშვილის თქმით, იმ პერიოდის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო დერეგულირებული ბაზარი, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დღესაც პრობლემას უქმნის.
„სწორედ დერეგულირებული ბაზრის შედეგია ის, რაც ხარისხის და გადახდების, ასევე სხვადასხვა კონტროლის მექანიზმის კუთხით დღესაც გვიქმნის პრობლემას. დერეგულირებული ბაზარია დღესაც, რის გამოც ჩვენ სხვადასხვა რეგულაციას ვაწესებთ. იცით, რომ ხარისხთან დაკავშირებით სხვადასხვა გამოწვევა და პრობლემებია. ასევე პანდემიის დროს დავინახეთ, რომ ხარისხთან დაკავშირებით გადადგმულია დიდი ნაბიჯები, და აქედან გამომდინარეა, რაც წინა წელს დავიწყეთ და 2025 წლიდან ყველა კლინიკა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაშია ჩართული, ვალდებული იქნება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტი ჰქონდეს. გადახდასთან დაკავშირებით ხარვეზები მოვაწესრიგეთ „დიარჯის“ შემოღებით, ტარიფები სამართლიანი გახდა და კიდევ უფრო გადავაზღვიეთ მოქალაქეებისთვის ჯიბიდან გადახდა. შედეგად მათ აღარ უწევთ დამატებითი გადახდა ხელოვნურად შექმნილ ე.წ. „ვიპ სერვისებში“. საერთო ჯამში ეს ყველა ცვლილება მოგვცემს იდეალურ საყოველთაო ჯანდაცვას, რომელსაც სულ მალე მივიღებთ,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.