შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიზანი, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.
მინისტრის განმარტებით, წინა პერიოდში უკვე დამტკიცდა სტანდარტები რეანიმაციის მომსახურების მიმწოდებლებისთვის, გუშინ კი ქირურგიის სტანდარტები განისაზღვრა. მომდევნო ეტაპზე ასეთივე სტანდარტები ექნება ყველა მიმართულებას.
სტანდარტები დამტკიცდა მთავრობის დადგენილებაში(„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილება).
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სტაციონარის ნებართვა არ გაიცემა დაწესებულებაზე, რომელიც განთავსებული იქნება საცხოვრებელ შენობაში.
ერთერთი მოთხოვნაა ის, რომ ქირურგიული სერვისების ფარგლებში ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განკუთვნილი სივრცეები უნდა იყოს იზოლირებული.
ქირურგიული პალატების მოთხოვნებია: არანაკლებ 5 ქირურგიული საწოლისა დეპარტამენტში, მათ შორის ბავშვთა და მოზრდილთა და პოსტოპერაციული პალატების საწოლები ჯამურად.
ქირურგიული პალატების საწოლების არანაკლებ 50%-ისა აღჭურვილი უნდა იყოს სრული არაინვაზიური, უწყვეტი ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებით, პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებს უნდა გააჩნდეთ ასაკის შესაბამისი მახასიათებლები.
პოსტოპერაციული საწოლების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ქირურგიული საოპერაციო დარბაზების რაოდენობას, თანაფარდობით 1:1, მაგრამ მხოლოდ 1 საოპერაციო დარბაზის შემთხვევაში სავალდებულოა არანაკლებ 2 საწოლისა. გამონაკლისია ოფთალმოლოგიური საოპერაციო დარბაზი, რომლისთვისაც პოსტოპერაციული საწოლების გათვალისწინება სავალდებულო არ არის.
საწოლები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ დაცული იყოს პაციენტთა პრივატულობა, მათ შორის, საწოლები გამოყოფილი უნდა იყოს შირმით/ფარდით, რომელიც ექვემდებარება რეცხვასა და დეზინფექციას.
საწოლთა განთავსება უნდა იძლეოდეს მის ირგვლივ 360- გრადუსიანი თავისუფალი მიდგომის შესაძლებლობას.
საოპერაციო ბლოკისა და პოსტოპერაციული პალატის სხვადასხვა სართულზე განთავსების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ლიფტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საოპერაციო ბლოკს და გამოიყენება ბლოკში ან ბლოკიდან პაციენტის გადასაყვანად
ასევე დგინდება ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების და სხვადასხვა ჰიგიენური თუ სანიტარული სტანდარტი.
რაც შეეხება საოპერაციო დარბაზს, ის უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაგეგმილი განათებით, სტაბილური ტემპერატურული რეჟიმით: 18-22 ცელსიუსი; სტაბილური ტენიანობით (35-70%).
შეგახსენებთ, რომ 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო გახდება.