საჭიროა კლინიკების მიერ მიღწეული შედეგების შესახებ საჯარო ანგარიშგების პრაქტიკის დანერგვა. ამის შესახებ „საქართველოს 2022 − 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიაშია“ აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებების წილი, რომლებიც რეგულარულად აქვეყნებენ ყოველწლიურ ანგარიშს და შესრულებული სამუშაოს შედეგებს, 2030 წლისთვის 100%-მდე უნდა გაიზარდოს. რამდენია აღნიშნული მაჩვენებელი ამ ეტაპზე, უცნობია. სტრატეგიის თანახმად, 2024 წლისთვის ეს მონაცემი 50%-მდე უნდა იყოს გაზრდილი, 2030 წლისთვის კი პროცესმა ყველა დაწესებულება უნდა მოიცვას.
„ანგარიშვალდებულების ასამაღლებლად, საჭიროა ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლების მიერ მიღწეული შედეგების შესახებ საჯარო ანგარიშგების პრაქტიკის დანერგვა. ინტერნეტ პლატფორმებმა, კერძოდ e-სერვისების სისტემამ (ელექტრონული რეცეპტის სისტემა, საერთო საინფორმაციო პორტალი, სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდული, სამედიცინო დაწესებულებების ანგარიშგების მოდული და სხვ.) ჯანდაცვის პროვაიდერების მხრიდან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სამინისტროსთვის შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მიწოდების და ანგარიშვალდებულების პრაქტიკა. გარკვეული წინსვლა აღინიშნება სამოქალაქო საზოგადოებისთვის ჯანდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარების კუთხით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს რეგულარულად აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს. ასევე აქვეყნებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან და სხვა სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდას ხელს ასევე უწყობს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ინიცირებული ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის კმაყოფილების კვლევა. გარდა ამისა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო მოქალაქეებისთვის უკუკავშირის მიწოდების მექანიზმებს უზრუნველყოფს და სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეულ სერვისებთან და ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ოფიციალურ საჩივრებზე ახდენს რეაგირებას,“ – ნათქვამია დოკუმენტში.