მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » რამდენიმე კლინიკას მკაცრი სანქციები ემუქრება – ვის და რა მიზნით შეჰყავს პაციენტები შეცდომაში

რამდენიმე კლინიკას მკაცრი სანქციები ემუქრება – ვის და რა მიზნით შეჰყავს პაციენტები შეცდომაში

დიარჯის“ ამოქმედების შემდეგ კლინიკების მხრიდან დარღვევების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ორთვიანი სატესტო პერიოდი დასრულდა და სანქციების ეტაპი ამოქმედდა, დარღვევების შესახებ პერიოდულად მაინც ხდება ცნობილი. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამედიცინო დაწესებულებების ნაწილს პაციენტები შეცდომაში შეჰყავს და არწმუნებს, ერთჯერადად დატოვონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და თანხები თავად გადაიხადონ, ხარჯებს კი მერია აუნაზღაურებს. ფაქტები, რომლებზეც „მოამბის“ სიუჟეტშია საუბარი, რუსთავის მუნიციპალიტეტს ეხება.

მაუწყებელთან ინტერვიუში რუსთავის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის  ხელმძღვანელი ლაშა ბუსხრიკიძე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ასეთ შემთხვევაში მერია მათ ხარჯებს ვერ აუნაზღაურებს, ამიტომ შეცდომაში არ უნდა შევიდნენ.

„„დიარჯის“ ამოქმედების შემდეგ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა კლინიკები სთავაზობენ მოქალაქეებს, ნებაყოფლობით განაცხადონ უარი საყოველთაო დაზღვევით სარგებლობაზე ერთჯერადად იმის იმედად, რომ მერია – ამ შემთხვევაში რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია – აანაზღაურებს მსგავს ხარჯებს. რეალურად ესაა ნებსით თუ უნებლიედ მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, ვინაიდან მერია მოკლებულია შესაძლებლობას, დააფინანსოს ისეთი ხარჯი, რაც უკვე დაფინანსებულია საყოველთაო ჯანდაცვით. შესაბამისად, თუ მოქალაქე ნებაყოფლობით დაწერს განაცხადს ხარჯების საკუთარი ძალებით ანაზღაურების შესახებ, მერია ასეთ განცხადებას ვეღარ განიხილავს,“ – განაცხადა ბუსხრიკიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროში პასუხად განაცხადეს, რომ მათთვისაც ცნობილია ფაქტები, როცა კლინიკები მოუწოდებენ პაციენტებს, ერთჯერადად უარი თქვან საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე. მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის თქმით, ასეთ შემთხვევებზე სერიოზული სანქციები მოქმედებს – ესაა პირველ ეტაპზე გაფრთხილება, რომელიც რამდენიმე კლინიკამ უკვე მიიღო, მომდევნო ეტაპზე კი მათ 6 თვით საყოველთაო ჯანდაცვიდან გათიშვა ან პროცედურის ღირებულების სამმაგი ოდენობით დაჯარიმება.

თუმცა, ღუდუშაურის თქმით, ასეთი ფაქტები მასობრივად არ ყოფილა და დიარჯი სისტემა ზოგადად გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ „დიარჯის“ თანახმად, პაციენტს არ შეუძლია სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სერვისების გარდა დამატებითი მომსახურების მიღება, მაგალითად ვიპ პალატით სარგებლობა ან სასურველი იმპლანტის თუ სტენტის ჩადგმა. თუმცა თუ მოქალაქეს ამ სერვისების მიღება სურს, მან ერთჯერადად უნდა დატოვოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და მომსახურების ხარჯები სრულად თავად უნდა აანაზღაუროს. სწორედ ეს წესი იწვევს მოქალაქეთა მხრიდან გაუგებრობას და კლინიკების ნაწილის მიერ პაციენტების შეცდომაში შეყვანას. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი დარღვევების შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს 1505 მიმართონ.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …