მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის პროგრამებში რეაბილიტაციის დაფინანსების წილი 20-ჯერ უნდა გაიზარდოს – ქვეყანას ახალი სტრატეგია აქვს

ჯანდაცვის პროგრამებში რეაბილიტაციის დაფინანსების წილი 20-ჯერ უნდა გაიზარდოს – ქვეყანას ახალი სტრატეგია აქვს

საქართველოში სარეაბილიტაციო მომსახურების განვითარების 2023 – 2027 წლების სტრატეგია დამტკიცდა, რომელიც, დოკუმენტის თანახმად, წარმოადგენს რეაბილიტაციის სექტორის განვითარების საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებზე დაფუძნებულ ხედვას. სტრატეგიის მიზნები, ამოცანები და შედეგების შეფასების ინდიკატორები შესაბამისობაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) ინდიკატორებთან რეაბილიტაციის სერვისებისთვის.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აქამდე საქართველოში არ არსებობდა ერთიანი სტრატეგია, რომელიც რეაბილიტაციის სექტორისთვის განსაზღვრავდა სამოქმედო პოლიტიკას.

სტრატეგიაში განმარტებულია, რომ ჯანმო რეაბილიტაციას განმარტავს როგორც „ინტერვენციების ერთობლიობას, რომელიც გამიზნულია ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და შეზღუდული შესაძლებლობის შემცირებაზე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის, მათ მიერ გარემოსთან ურთიერთქმედების პროცესში.“

საქსტატის მონაცემებით 2014 წელს ჩატარებულმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 2.69%-ს შეზღუდული შესაძლებლობა, 18,3%-ს კი ფუნქციონირების შეზღუდვა აქვს.

სტრატეგიაში ასევე აღნიშნულია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში 2022 წლის ბოლოდან შევიდა ინსულტისა და ტრავმის შემდგომ პერიოდში სარეაბილიტაციო სერვისებით მოსახლეობის უზრუნველყოფაც და რეაბილიტაციის სერვისების პაკეტი ეტაპობრივად გაფართოვდება მომდევნო წლებში.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარებით მომზადდა რეაბილიტაციის სერვისების დაფინანსების მოდელი, რომლის ეტაპობრივი დანერგვა სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მნიშვნელოვანია სამედიცინო პროფესიონალების მომზადება რეაბილიტაციის მნიშვნელობის, ჩვენებების და კლინიკური სარგებლიანობის თაობაზე.

სტრატეგიის ფარგლებში გათვალისწინებულია რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ სასწავლო პროგრამების არსებულ სამედიცინო და საექთნო პროგრამებში ჩართვა. ამის შედეგად მოსალოდნელია სამედიცინო პროფესიონალების დამოკიდებულების შეცვლა რეაბილიტაციის მიმართ, კერძოდ, აღნიშნული ინტერვენციის შედეგად სარეაბილიტაციო მომსახურება  დაიმკვიდრებს მისთვის განკუთვნილ ადგილს სამედიცინო მომსახურების მიწოდების უწყვეტ ჯაჭვში.

„სარეაბილიტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ქვეყანას კიდევ მეტად დააახლოებს გაეროს მდგრადი განვითარების მესამე მიზანთან ‒  „ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის“,“ – ნათქვამია სტრატეგიაში.

მის თანახმად, საქართველოში, რეაბილიტაციის სფეროს სპეციალისტთა სავარაუდო რაოდენობა საკმაოდ დაბალია.  სარეაბილიტაციო მომსახურება ქვეყანაში არასაკმარისია, მოზრდილთა სარეაბილიტაციო მომსახურებასთან დაკავშირებული სერვისები ფაქტობრივად არ არის განვითარებული და შესაბამისად არ არსებობს სტანდარტიზებული მიდგომა. სარეაბილიტაციო მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისთვის სტანდარტები სრულად არ არის შემუშავებული ან დანერგილი.

რაც შეეხება კონკრეტულ მიზნებს, დოკუმენტის თანახმად, იმ სამედიცინო დაწესებულებების პროცენტული მაჩვენებელი,  რომლებიც უზრუნველყოფენ სარეაბილიტაციო მომსახურებას მოზრდილებისა და ბავშვებისათვის, 2025 წლისთვის 10% უნდა იყოს, 2027 წლისთვის კი 50%. 2027 წლისთვის ჯანმრთელობის პროგრამების ბიუჯეტის 2% სარეაბილიტაციო მომსახურებაზე უნდა მოდიოდეს. დღეისათვის ეს წილი 0,1%-ს შეადგენს. სტრატეგიის  ეფექტიანი განხორციელებისათვის პირველ ეტაპზე შემუშავდა 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 1,878,100 ლარს შეადგენს.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …