„სამწუხარო ფაქტები გვქონდა და დღესაც გარკვეული ინფორმაცია შემოგვდის, როგორც ცხელი ხაზის, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით, რომ გარკვეული კლინიკების მხრიდან არის მცდელობა, ხელი მოაწერინოს დასაქმებულებს, რომ არ სურთ ამ ეტაპზე მინიმალური ანაზღაურება,“ – ამის შესახებ შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.
„ჩვენ ინსპექტირების პროცესში ვართ და ფაქტობრივად, 100 კლინიკა მიმდინარე პერიოდში მოწმდება. დაახლოებით თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ჩვენ გვექნება სრული სურათი. ვმუშაობთ ელექტრონულ პროგრამაზე, რომ მათ შორის, ყოველდღიური მონიტორინგი სამედიცინო დაწესებულებებზე განვახორციელოთ,“ – განაცხადა ბექა ფერაძემ.
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ როდესაც სამედიცინო პერსონალმა საკუთარ თავზე გამოსცადა შრომის ინსპექციის ჩარევის შემდეგ არსებული შედეგები, მომართვიანობა გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ განაცხადის შემოტანა შესაძლებელია კონფიდენციალურად, შესაბამისად, კომპანია ვერ იგებს საჩივრის შემომტანის ვინაობას.
იქიდან გამომდინარე, რომ კონტროლი დაიწყო შრომის ინსპექციამ, სამედიცინო პერსონალს ჯამში, სხვადასხვა საქმეებზე, დაახლოებით 2 მილიონი ლარი აუნაზღაურდა. ამაში შედის მათ შორის, კოვიდ პანდემიის პერიოდი.
„ჩვენ სამედიცინო დაწესებულებებს არა მხოლოდ დავალიანების ანაზღაურებას ვთხოვთ, არამედ მათმა დასაქმებულს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07% უნდა აუნაზღაურონ. ერთ-ერთი შემთხვევაც გვქონდა, რომ სამედიცინო დაწესებულებამ განაცხადა, რომ მას იმ მომენტში რემონტისთვის უფრო სჭირდებოდა თანხა და პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე თანხებს მოგვიანებით მიიმართავდა. გვაქვს შემთხვევაც, რომ ერთ-ერთ კლინიკას, თანამშრომლების მიმართ 5-6 თვიანი ვადაგადაცილებაც აქვს. ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს და თუ არ მოგვარდა პრობლემა,იძულებულები ვიქნებით ამ სამედიცინო დაეწესებულების იდენტიფიცირება მოვახდინოთ, შედეგად მას ამით რეპუტაციული ზიანი მიადგება“ – ამბობს ბექა ფერაძე.
მისივე მტკიცებით, სამედიცინო დაწესებულებებს ყოველთვიურად ექნებათ ვალდებულება, ელექტრონულად აწარმოონ ანგარიშგება სამედიცინო პერსონალის სამუშაო საათებისა და გაცემული თანხების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება საათში 7 ლარით, ექთნების კი საათში 4,40 ლარით განისაზღვრა.
რეფორმის შედეგად, საყოველთაოდ ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონალური კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმომადგენელი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დადგინოს.
ახალი რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.