ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამით ამ ეტაპზე 40-მდე ადამიანი სარგებლობს, პროგრამით სარგებლობის თხოვნით კი ჯანდაცვის სამინისტროში 100-მდე განაცხადია შესული. ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, გადაცემა „ახალ დღეში“ გაავრცელა.
გადაცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკატერინე ადამიამ იმ კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რომლებიც აღნიშნული პროგრამით სარგებლობისთვის პაციენტმა უნდა დააკმაყოფილოს.
„გაწერილია კრიტერიუმები იმისთვის, რომ პაციენტმა შეძლოს ამ პროგრამაში მონაწილეობა – ადამიანი უნდა იყოს სტაბილური, მართვით სუნთქვაზე და სხვა სამკურნალო პროცედურების ქვეშ არ უნდა იმყოფებოდეს, უნდა შეეძლოს გადაადგილება თავისი ან სხვისი დახმარებით, რადგან ესაა ამბულატორიული სერვისი – ანუ პაციენტი უნდა მივიდეს დაწესებულებაში, გაიაროს შესაბამისი ღონისძიებები, შემდეგ კი დაუბრუნდეს თავის საცხოვრებელ ადგილს. სტაციონარულ პირობებში ეს ამ ეტაპზე არაა გათვალისწინებული.“ – განაცხადა ეკატერინე ადამიამ.
რაც შეეხება იმას, რომ სწორედ ამ ეტაპამდე პაციენტის მიყვანაა მისი ოჯახისთვის ყველაზე რთული, ეკატერინე ადამია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის აღნიშნული პროგრამის ამოქმედება სერიოზული მიღწევაა, რადგან სახელმწიფომ დაიწყო რეაბილიტაციური ღონისძიებები.
„სახელმწიფოს აქვს განსაზღვრული პოლიტიკა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს გამოყოფილი ბიუჯეტი, რომლის ფარგლებში გაწერილია ის პროგრამები, რომლებიც პრაქტიკულად ახლა უკვე რეაბილიტაციის კომპონენტის ჩათვლითაც ფარავს, თუმცა მოგეხსენებათ, ჩვენი პროგრამები არაა ისეთი შინაარსის, რომ ისინი 100 პროცენტით ფარავდეს ყველა სერვისს, იმ პროგრამის ფარგლებშიც გარკვეული თანაგადახდებია გათვალისწინებული,“ – აღნიშნა ადამიამ.
ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ინსულტისა და თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამა გასული წლის ბოლოდან ამოქმედდა.
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროგრამა წლის განმავლობაში 11 მილიონი ლარის ფარგლებში დაფინანსდება.
აზარაშვილის თქმით, მკურნალობას დააფინანსებენ იმ კლინიკებში, სადაც პაციენტები რეაბილიტაციას გაივლიან.
„ინსულტის და ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას წლის განმავლობაში დაახლოებით 11 მილიონი ლარის ფარგლებში დავაფინანსებთ. წლის განმავლობაში ასეთი დაახლოებით 6 000 შემთხვევა გვაქვს. მკურნალობას დავაფინანსებთ იმ კლინიკებში, სადაც პაციენტები რეაბილიტაციას ჩაიტარებენ.
ასევე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პრევენციაზე. ინსულტის შემთხვევაზე მაქსიმალურად სწრაფად მოახდენს რეაგირებას სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ჩვენების მიხედვით მიიყვანს კონკრეტულ კლინიკაში, სადაც პაციენტებს ოპერატიულად დაეხმარებიან“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.