მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის ასოციაციისთვის გაუგებარია, მინიმალური ხელფასების კუთხით, რა დარღვევებზე საუბრობს მინისტრი

ჯანდაცვის ასოციაციისთვის გაუგებარია, მინიმალური ხელფასების კუთხით, რა დარღვევებზე საუბრობს მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ ზოგიერთ კლინიკაში ექთნები ხელოვნურად გადაჰყავთ დაბალ პოზიციაზე, რათა მინიმალური ანაზღაურება არ გადაუხადონ, ჯანდაცვის ასოციაცია ეხმაურება.

ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაია  მახარაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, კონკრეტულად რა იგულისხმებოდა მინისტრის განცხადებაში. შეგახსენებთ: ზურაბ აზარაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არის სამწუხარო შემთხვევები, როდესაც კლინიკების ხელმძღვანელობას ექთნები იძულებით გადაჰყავს უფრო დაბალ პოზიციაზე, რათა მათ მინიმალური საათობრივი ანაზღაურება არ გადაუხადონ.

მაია მახარაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა საუბარი იყოს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც კლინიკას ჰყავს იმაზე მეტი ექთანი, ვიდრე მას სახელმწიფო ავალდებულებს, ამიტომ მას აქვს სრული უფლება, ეს თანამშრომლები სხვა პოზიციაზე გადაიყვანოს. თუმცა ხაზს უსვამს, რომ ვალდებულების ფარგლებში მინიმალური ხელფასის შესახებ კანონის დარღვევის უფლება კლინიკას არ გააჩნია.

„გაუგებარია და ვერ გეტყვით, რა შეიძლება ეს იყოს. ექთანს მუშაობა შეუძლია ექთნის დიპლომით, ანუ მაგალითად ბუღალტერს არ შეუძლია ექთნად იმუშაოს. შესაბამისად, თუ ადამიანს ექთანი ჰქვია, როგორ შეიძლება მისი ჩამოქვეითება, გაუგებარია. ადმინისტრაციული პოზიციიდან ჩამოქვეითება შეიძლება, მაგალითად მთავარი ექთანი იყო და აღარ არის, მაგრამ მის სპეციალობას ეს ვერ შეეხება  და თუ ის ექთანია, მისი ნამუშევარი საათები უნდა ანაზღაურდეს დადგენილი პირობებით. მე არ ვიცი  რას შეიძლება გულისხმობდეს დეტალები. გაუგებარია, რა მიმართულებით მოხდა დარღვევა,“-  განაცხადა მაია მახარაშვილმა.

მისივე განმარტებით,  თუ მაგალითად კლინიკას აქვს ვალდებულება, რომ 4 საწოლზე უნდა ჰყავდეს ერთი ექთანი, ის მათ ვერ დააქვეითებს. ამასთან, მისივე თქმით, თუ კანონით არის გაწერილი, რომ კლინიკას 4 საწოლზე უნდა ჰყავდეს 1 ექთანი და ჰყავს 12, თუმცა ვალდებულება და საჭიროება 4-ზე მეტის არ აქვს, შესაძლებელია, მან მხოლოდ იმდენი ექთანი დატოვოს, რისი ვალდებულებაც აქვს, დანარჩენს კი სხვა საქმიანობა შესთავაზოს – მაგალითად, სხვა განყოფილებაში ექთნობა, ან დღის სტაციონარში და ამბულატორიაში, ან რეზერვში გადაიყვანოს. მახარაშვილის თქმით, ეს დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის მოლაპარაკების საკითხია და შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტორმა გამოიწვია მსგავსი ფაქტები.

შეგახსენებთ: მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …