მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » გამოსავალი, რომელიც არსებობს – ონკოპაციენტები და ექსპერტები სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის სქემას სთავაზობენ

გამოსავალი, რომელიც არსებობს – ონკოპაციენტები და ექსპერტები სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის სქემას სთავაზობენ

ნებისმიერი რთული დაავადება კიდევ უფრო მძიმე ფორმას იძენს მაშინ, როცა ის ბავშვებს ეხება. ხოლო როცა ამას ემატება მკურნალობის დაფინანსების პრობლემა, მდგომარეობა ბევრად დრამატული ხდება. სამწუხაროდ, ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების შემთხვევაში საქართველოში სწორედ ასეთი სიტუაციაა შექმნილი. პრობლემა, რომელზეც jandacva.ge აქტიურად წერს და რომელიც ონკოპაციენტებისთვის სათანადო დაფინანსების არარასებობას ეხება, ბავშვებსაც ეხება და ისინი გამონაკლისს არ წარმოადგენენ. ვგულისხმობთ სისტემას, როცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას წელიწადში 25 ათასი ლარის ფარგლებში აფინანსებს, რაც, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა მაინც არასაკმარისია. პრობლემის მეორე მხარეა კერძო დაზღვევა, რომელიც ონკოლოგიური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, დაზღვეულს სახელმწიფოზე ბევრად დაბალ დაფინანსებას სთავაზობს. აქ ყველაზე პრობლემურია შემდეგი „დეტალი“: კერძო დაზღვევის არჩევის შემთხვევაში, ადამიანს ან უუარესდება, ან საერთოდ უუქმდება ონკოლოგიური სერვისების დაფინანსება. საყოველთაო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობა კი მოსახლეობის დიდ ნაწილს, კანონის თანახმად, არ შეუძლია. ესენი არიან გარკვეული შემოსავლის მქონე ადამიანები, რომლებიც, გარდა იმისა, რომ იხდიან სადაზღვევო პრემიას, ასევე არიან ბიუჯეტში გადასახადების გადამხდელები. თუმცა, შემოსავლის არსებობის მიუხედავად, მათი აბსოლუტური უმრავლესობისთვის ხელმიუწვდომელია ის ათობით და ასობით ათასი დოლარი, რომელიც სიმსივნის მკურნალობას სჭირდება.

სისტემა რომ უსამართლოა, ამის შესახებ jandacva.ge-სთან რამდენიმე ონკოპაციენტმა, საკუთარ ისტორიაზე დაყრდნობით ისაუბრა. ისინი ზრდასრული ადამიანები არიან და დაფინანსების მოძიება მეგობრებისა თუ ნათესავების დახმარებით შეძლეს. საუბედუროდ, სისტემა გამონაკლისს არც ბავშვების შემთხვევაში უშვებს.

მარი კობაიძის ისტორია ამის სამწუხარო მაგალითია: მას საკუთარი ოჯახი კერძო კომპანიაში ჰყავდა დაზღვეული. შვილის ონკოლოგიური დიაგნოზის მოსმენის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო კომპანია მხოლოდ 2  ათასი ლარის სერვისს  აფინანსებდა, რაც ზღვაში წვეთი იყო.

„დაცვითი თერაპიის შემდეგ გვიწყდება ყოველგვარი დაფინანსება. მიუხედავად იმისა, რომ დაზღვეულები ვართ, ჩვენი დაზღვევა სრულად ვერ ფარავს იმ საჭიროებებს, რაც დღემდე სჭირდება ჩემ შვილს. მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, ანალიზები, პუნქციები და ა.შ. ძირითადად ამ ყველაფრის დაფარვა საკუთარი ხარჯებით გვიწევს. როცა გაქვს კერძო დაზღვევა, სახელმწიფო უარს გეუბნება დაფინანსებაზე. წლიური დაფინანსება სადაზღვევოს მხრიდან არის 2 ათასი ლარი, მაგრამ როცა აკეთებ მუცლის ღრუს, თავის ტვინის მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას, ეს ამ ყველაფერს არ წვდება. მინიმუმ 1500 ლარი ჯდება მხოლოდ ტომოგრაფიები, რაც წურავს დაზღვევას. სახელმწიფო კი აღარ მიფინანსებს. მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ მივიღე პასუხი, რომ რადგან ვსარგებლობ კერძო დაზღვევით, ავტომატურად მიჩერდება სახელმწიფო დაზღვევა,“- ამბობს მარი კობაიძე.

ნინო კობახიძე, რომელიც სადაზღვევო და ჰოსპიტალურ სექტორში მაღალ პოზიციებზე მუშაობს და სოლიდარობის ფონდის დაარსების ერთერთი ინიციატორია, ამბობს, რომ პრობლემა კომპლექსურია  და ამ სიტუაციაში ერთი გამოსავალი არ იქნება.

თუმცა, მისი თქმით, ცალსახაა, რომ არ შეიძლება ქვეყანამ ბავშვები ასეთ მდგომარეობაში დატოვოს.

„როცა იგებ ამ საშინელ ინფორმაციას, არ იცი, რაზე იფიქრო – დიაგნოზზე, მკურნალობაზე თუ ფინანსებზე. უნდა მოხდეს პროფესონალურად ამის შეკვრა, რომ სახელმწიფო დონეზე მოხდეს მშობლისგან ყველა ამ პრობლის ჩამოცილება. ქვეყანაში ბავშვები არ უნდა გვიკვდებოდნენ ფინანსური პრობლემების გამო. თანაც, არ გვაქვს ის სიტუაცია, რომ არ შეიძლებოდეს ამის გაკეთება და დამენეჯმენტება,“ – ამბობს ნინო კობახიძე.

მას ეთანხმება ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში პაციენტებს არ უსმენენ, არ იაზრებენ მათი პრობლემებს და ამის საფუძველზე არ იქმნება სტრატეგიები.

პაციენტებს, ექიმებსა და დარგის პროფესიონალებს უკვე აქვთ ჩამოყალიბებული ის ხედვები, რომლითაც პრობლემას უნდა მოევლოს და ონკოპაციენტებისთვის სრული და თანაბარი მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდეს.

შეიქმნა და აქტიურად ვრცელდება ონლაინ პეტიცია ონკოლოგიური დაავადებების (კერძოდ, ძუძუს კიბოს) მქონე პაციენტების მხარდასაჭერად. პეტიციის ავტორები არიან კოალიცია „ევროპა დონა საქართველო“ და კავკასიის ონკოსაზოგადეობა „Hope”. პეტიციის ადრესატები არიან ჯანდაცვის სამინისტრო, პარლამენტი და მთავრობა. მთავარი მოთხოვნა კი ასე ჟღერს:  „საქართველოს ყველა მოქალაქის სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობა კიბოს მკურნალობაზე!“

პეტიციის ავტორები ხელისუფლებას უკვე ნაფიქრ, გააზრებულ და ექსპერტულ წრეებში გაანალიზებულ გამოსავალს სთავაზობენ. კერძოდ:

დიაგნოზთან ბმული დაფინანსების ამოქმედება, რომ პაციენტმა შეძლოს პერსონალიზებული, დაავადებაზე მორგებული, სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარება;

მანამდე კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მკურნალობისთვის გამოყოფილი წლიური ლიმიტის გაორმაგება წინასწარ განსაზღვრული დიაგნოზების მქონე პაციენტებისთვის, რათა მათ არ მოუწიოს მკურნალობის შეწყვეტა ფინანსების ამოწურვის გამო;

კერძო დაზღვევაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის იდენტური ბაზისური სავალდებულო ონკოლოგიური პაკეტის შექმნა, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა პაციენტს, მიეცეს მკურნალობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა;

უზრუნველყოფილ და ხელშეწყობილ იქნას საყოველთაო და კერძო სადაზღვევო „შემავსებელი“ პაკეტების თანაარსებობა,  მედიკამენტებზე და ზოგადად, სამედიცინო მომსახურებაში „ჯიბიდან“ გადახდების შესამცირებლად.

ამ გზებს შორის ყველაზე მასშტაბური და კომპლექსური საბაზისო, სავალდებულო პაკეტის ამოქმედებაა. შესაბამისად, ეს რეფორმა ყველა მხარის ჩართულობას, დისკუსიის დაწყებასა და დროს მოითხოვს. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან რაიმე განცხადება, რომ ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება იგეგმება, არ გაკეთებულა. თუმცა რამდენიმე საკითხზე გარკვეული დადებითი მესიჯები უკვე გახმოვანდა. მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სამინისტრო მზადაა კომუნიკაციისთვის საყოველთაო ჯანდაცვაზე კერძო სადაზღვევო პაკეტების “დაშენების” საკითხში.

რაც შეეხება ფინანსების ზრდას და დიაგნოზთან შეჭიდულ დაფინანსებას, ღუდუშაურმა ამ საკითხზე განაცხადა: „მედიკამენტოზურ და ამბულატორიულ მკურნალობას „დიარჯიში“ ვერ შევიტანთ, თუმცა ჩვენ ვაპირებთ და ამ ეტაპზე ვმუშაობთ ონკოლოგიური ამბულატორიული სერვისების ტარიფიკაციაზე. ტარიფები შეიცვლება და ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, კონკრეტული განსაზღვრული ტარიფით გაუწიოს მომსახურება საყოველთაოს ფარგლებში დაფინანსებულ პაციენტებს.“

ამ საკითხებზე კონკრეტული გეგმების შესახებ ჯანდაცვის უწყებას არ გაუნცხადებია და სავარაუდოდ, პირველად ინფორმაციას იანვრისთვის უნდა ველოდოთ.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შეძლებს შესაბამისი ფინანსების მოძიებას და არსებულის უფრო ეფექტიან განკარგვას, ონკოპაციენტები შეძლებენ პრაქტიკულად ყველა საჭირო სერვისის საქართველოში მიღებას. ქვეყანაში ამ კუთხით მედიცინა საკმაოდ მაღალ დონეზეა – ამის შესახებ ონკოლოგები საუბრობენ.

მიხეილ ბარამიას თქმით, მკურნალობის ხარისხი გარკვეულწილად ძლიერი ქვეყნის ფაქტორს ეფუძნება, თუმცა შეიძლება იმის თამამად თქმა, რომ საქართველოში ტექნოლოგიური ბაზა და სისტემები უკვე არის ისეთი, რომელიც ბევრი წამყვანი ქვეყნის ანალოგიურია.  არაერთი აპარატურა და ტექნოლოგიები კი, რომელიც საქართველოს აქვს, მეზობელ ქვეყნებსა და მსოფლიოში ბევრ ქვეყანას არ აქვს.

რაც შეეხება მიდგომებს, მისი განმარტებით, ყველა ონკოლოგი ხელმძღვანელობს დიაგნმოსტიკის და მკურნალობის ერთი და იგივე პრინციპით.

ამ მიმართულებით საუბრობს ონკოლოგი ელენე მარიამიძეც, რომლის თქმითაც,  ონკოლოგიაში ძალიან ბევრი სიახლე სწრაფად ხდება და პაციენტებს აქვთ საშუალება, ქვეყნიდან გასვლის გარეშე მიიღონ კონსულტაციები სხვადასხვა ქვეყნის ექიმისგან.

„21-ე საუკუნე არის პერსონალიზებული მედიცინის საუკუნე და გაიდლაინებშიც, რასაც მივყვებით, ბევრი რამ მიდის პერსონალიზებისკენ: რომელი მოლეკულური კვლევა ჩავუტაროთ პაციენტს, რომ სპეციფიკური ტარგეტული მკურნალობა ჩატარდეს და ა.შ. საქართველოში გვაქვს კარგი ბაზისი, რომ კარგად განვითარდეს ეს მიმართულება, გვყავს ბევრი მოტივირებული სპეციალისტი,“ – აღნიშნა მარიამიძემ.

პანდემიის მწვავე ფაზის დასრულებამ ჯანდაცვის სექტორს მისცა საშუალება, ორწლიანი შეფერხების შემდეგ, გაეგრძელებინა განვითარების გზა. ამოქმედდა „დიარჯი“ (დაფინანსების დიაგნოზზე მიბმული) სისტემა, იანვრიდან ძალაში შედის ონკოლოგიურ და ქრონიკულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები. გაიზარდა რამდენიმე დაავადების მკურნალობის ბიუჯეტი. პროცესი, რომელიც შეუქცევადი უნდა იყოს, დღის წესრიგში აუცილებლად დააყენებს უნივერსალური საბაზისო პაკეტის ამოქმედებას და ჯანდაცვის ისეთი სისტემის შემოღებას, რომელიც მკურნალობის პროცესში პაციენტების დისკრიმინაციას გამორიცხავს.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …