მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » მეცნიერულად დადასტურდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირება გარდაცვლილი ადამიანისგანაც შეიძლება

მეცნიერულად დადასტურდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირება გარდაცვლილი ადამიანისგანაც შეიძლება

კორონავირუსი ინფიცირებული პაციენტების ორგანიზმში შესაძლოა გარდაცვალების შემდეგაც დარჩეს, თან ისე, რომ ვირუსმა გადამდებლობის უნარი არ დაკარგოს. ამის შესახებ The New York Times-ი იაპონიის ტიბის უნივერსიტეტისა და გერმანიის ჰამბურგ-ეპენდორფის უნივერსიტეტის კვლევებზე დაყრდნობით წერს.

გერმანელი სპეციალისტების მონაცემებით, COVID-19-ის „კვალი“ ცხედრებში 17 დღის განმავლობაში რჩება. თავის მხრივ, იაპონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მკვდარი ადამიანების სხეულიც კი ინახავს ინფექციური ვირუსის მნიშვნელოვან რაოდენობას.

მკვლევართა ერთერთმა ჯგუფმა შეისწავლა 11 გარდაცვლილი კოვიდპაციენტის ცხვირიდან და ფილტვებიდან აღებული ნიმუშები და აღმოაჩინა, რომ ვირუსი დიდი რაოდენობით იყო შენარჩუნებული 6 გარდაცვლილის ცხედარში გარდაცვალებიდან 13 დღის შემდეგაც კი. ამასთან, მეცნიერების მტკიცებით, გარდაცვლილი ადამიანისგან ვირუსით დაინფიცირების ალბათობა გაცილებით მაღალია იმ პირობებში, თუკი პაციენტი დაინფიცირებიდან მალევე გარდაიცვალა. ასეთ შემთხვევაში ორგანიზმში ვირუსის რაოდენობა ძალიან მაღალია. თუმცა ბალზამირება ვირუსის გავრცელების რისკებს ანულებს.

კვლევა ჩატარდა ზაზუნებზეც, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მკვდარი ორგანიზმიდან, რომელიც ცოცხალ ზაზუნასთან ერთად საერთო გალიაში იმყოფებოდა, ამ უკანასკნელს ვირუსი გადაედო.

„როგორც ზომბებზე საშინელებათა ფილმშია, კორონავირუსი შესაძლოა დაინფიცირებული პაციენტების ორგანიზმში გარდაცვალების შემდეგაც კი დარჩეს,“ – ნათქვამია სტატიაში.

თუმცა იაპონელი მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი ცოცხალი პაციენტისგან გაცილებით მაღალია, ვიდრე – ცხედრიდან.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში, საქართველოში, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის დაკრძალვის წესი ამოქმედდა, რომლის თანახმად,  ცხედარი სპეციალურ ჩანთაში თავსდებოდა და მისი დაკრძალვა არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში ხდებოდა.

COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამორიცხულიყო გვამის ბალზამირება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი, მათ შორის პათოლოგ-ანატომიური კვეთა, გარდა ამ უკანასკნელის აუცილებლობის შემთხვევისა.

მოგვიანებით ეს წესი გაუქმდა.

გარდაცვლილი კოვიდპაციენტისგან დაინფიცირების ფაქტის შესახებ  2020 წელს ტაივანში გახდა ცნობილი, სადაც ვირუსი პათოლოგანატომს დაუდასტურდა და მოგვიანებით ისიც გარდაიცვალა.

ცხედრისგან ვირუსის გადადება მხოლოდ კორონავირუსს არ უკავშირდება.

ცნობილია აფრიკაში დაფიქსირებული ფაქტები, როდესაც დაკრძალვის რიტუალებმა ებოლას აფეთქება გამოიწვია.

თუმცა, მეცნიერების თქმით, კორონავირუსი განსხვავებული შემთხვევაა: ებოლა ადამიანის ორგანიზმის 70%-ს აინფიცირებს, ამიტომ გარდაცვლილი პაციენტისგან სხვა ადამიანების დაინფიცირების რისკი ამ შემთხვევაში გაცილებით მაღალია, ვიდრე კოვიდის პირობებში.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …