„კატასტროფული დანახარჯები“ – ესაა დანახარჯი, როდესაც ადამიანს ან ოჯახს დაუგეგმავად დაუდგება ისეთი საჭიროება, რომელიც მოითხოვს მისი წლიური შემოსავლის 25%-ზე მეტის დახარჯვას. შესაბამისად, აღნიშნული ტერმინი არ გამოხატავს თანხის რაოდენობას. ნაკლებშემოსავლიანი ოჯახისთვის კატასტროფული შეიძლება იყოს 10 ათასი ლარი, რაც მაღალშემოსავლიანი ოჯახისთვის არ არის მიუწვდომელი თანხა. თუმცა, კატასტროფული დანახარჯის პრობლემის წინაშე შესაძლოა შეძლებული ოჯახიც დადგეს და ასეთი დანახარჯების საჭიროებისგან დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა, რადგან არსებობს სიტუაციები, პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, როდესაც ოჯახს, მისი წევრის ავადმყოფობის გამო, შესაძლოა ასიათასობით ლარის მკურნალობა დასჭირდეს. ასეთი თანხის გადახდის შესაძლებლობა კი საქართველოს რეალობაში მხოლოდ ერთეულ ადამიანებს აქვთ. ამიტომაც არაერთი მოქალაქე დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს, სხვები კი მკურნალობის მისაღებად უცხოეთში მიდიან. როდესაც „საქართველოს რეალობაზე“ ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ არა მხოლოდ მოსახლეობის რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, არამედ ჯანდაცვის არსებულ სისტემასაც – როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაზღვევის სქემებს.
პრობლემა N1: საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობისთვის ერთ პაციენტზე მხოლოდ 25 ათასლარიანი ლიმიტია გამოყოფილი, ეს კი რიგ შემთხვევაში შესაძლოა საკმარისი იყოს, ზოგიერთი პაციენტისთვის კი – არა. თუმცა სისტემა ამ „მოჭრილ“ ტარიფზე თანხის დამატებას არ ითვალისწინებს. ანუ დაფინანსება არაა მიბმული კონკრეტული ადამიანის დიაგნოზზე. სწორედ ამ მიდგომის შეცვლას მოითხოვენ პაციენტები და ექიმები, რომლებსაც კლინიკური სფეროს გარდა, დაფინანსების საკითხებზეც უწევთ ზრუნვა, რადგან მწირი ფინანსების გამო არაერთი ონკოპაციენტი ფინანსურად დამზოგველ, უფრო დაბალეფექტიან მკურნალობას ირჩევს.
პრობლემა N2: მოსახლეობის გარკვეულ, მაღალშემოსავლიან ნაწილს, რომელიც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ონკოლოგიური სერვისები სრულად არ უფინანსდება. მართალია, მოქალაქეების ამ კატეგორიას შედარებით მაღალი შემოსავალი აქვს, თუმცა, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ძვირადღირებული სამედიცინო სერვისი შესაძლოა, მათთვისაც ისეთივე კატასტროფული დანახარჯი აღმოჩნდეს, როგოც – სოციალურად დაუცველი ადამიანისთვის, რა დროსაც ისინი მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გარეშე რჩებიან. ასეთ დროს გამოდის, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების ჯანმრთელობაზე სახელმწიფო მეტად ზრუნავს, ვიდრე გარკვეული შემოსავლების მქონე მოქალაქეზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებსაც იხდის და – სადაზღვევო პრემიასაც, თუმცა კერძო პაკეტებში სიმსივნური დაავადებების მკურნალობა ძალიან დაბალი ლიმიტებით ან საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
პრობლემა N3, რომელიც მეორე პრობლემიდან გამომდინარეობს: ქვეყანაში არ მოქმედებს უნივერსალური სადაზღვევო პაკეტი, რომელიც ყველა მოქალაქეს თანაბრად მისცემდა წვდომას ბაზისურ სერვისებზე. ექსპერტები სწორედ ასეთი პაკეტის ამოქმედებას ითხოვენ, რათა სადაზღვევო კომპანიას არ ჰქონდეს უფლება, ამაზე უარესი პაკეტი შესთავაზოს მომხმარებელს. ასეთი სისტემა სამედიცინო სერვისებზე თანაბარ წვდომას მისცემდა ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, მისი შემოსავლების მიუხედავად, მსურველებს კი ექნებოდათ უფლება, ეს პაკეტი გაეუმჯობესებინათ დამატებითი, „დაშენებული“ პაკეტის შეძენით.
პრობლემა N4: მოქალაქეთა ნაწილს (1000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს) არ აქვს საყოველთაოს პარალელურად კერძო დაზღვევის შეძენის, ანუ საყოველთაო პაკეტის გაუმჯობესების უფლება. ასეთი უფლება მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას აქვს, თუმცა ესაა შედარებით მოწყვლადი კატეგორია (სოცდაუცველები, ბავშვები, შშმ პირები, დევნილები), რის გამოც ამ უფლებით მათი მხოლოდ მცირედი ნაწილი სარგებლობს. ექსპერტები და თავად სადაზღვევო ინდუსტრია მოითხოვს, ეს უფლება ყველა მოქალაქეს ჰქონდეს, რაც ბაზარს გაზრდის და, შესაბამისად, პაკეტების პირობებიც გაუმჯობესდება.
როგორია სახელმწიფოს ხედვა ამ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით? ჯანდაცვის სამინისტროს მკაფიო პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. აგვისტოში, jandacva.ge-სთვის ამ საკითხზე მიცემულ ინტერვიუში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გამოსავალი ჯანდაცვის დაფინანსების ზრდაა, რაც ეკონომიკის ზრდას უკავშირდება.
„ახლა საქართველო ჯანდაცვაზე მშპ-ს 3%-ს ხარჯავს. 2012 წლამდე, საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედებამდე, ხარჯავდა 1%-ს. რომ შევადაროთ, 1%-ს ხარჯავენ ავღანეთი, ცენტრალური აფრიკა და მსგავსი ქვეყნები. 3%-ს ხარჯავენ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები, აღმოსავლეთ ევროპა ხარჯავს 5%-ს, დასავლეთ ევროპა 8-12%-ს, ხოლო ამერიკა 17%-ს. ასე რომ, გამოსავალი ისაა, რომ სტაბილური ჯანდაცვა იწყება მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-დან. ჩვენ ბოლო წლებში გავასამმაგეთ, მაგრამ ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ 3%. გამოსავალი არის უკეთეს ორგანიზაციასა და მეტ დაფინანსებაში,“ – აღნიშნა მაშინ სერგეენკომ.
უნივერსალური პაკეტის შექმნაზე ჯერჯერობით ხელისუფლებაში არაფერს საუბრობენ მიუხედავად იმისა, რომ ეს თავად აქვს აღიარებული. კერძოდ, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისთვის ითვალისწინებს ერთიანი სტანდარტიზებული პაკეტის შემოღებას, რომელსაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს დაბალშემოსავლიანი ჯგუფებისთვის, ნაწილობრივ დააფინანსებს საშუალოშემოსავლიანი ჯგუფებისათვის, ხოლო მაღალშემოსავლიანი მოსახლეობა თავად დაფარავს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე მსჯელობისთვის ჯერჯერობით ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მზაობა არ ჩანს, სხვა მიმართულებით ცვლილებების საჭიროებაზე ფიქრი, როგორც ჩანს, უწყებაში უკვე დაიწყეს. მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა „დაშენებული“ პაკეტების თემაზე მსჯელობის დაწყება არ გამორიცხა.
„სანამ დიარჯი სისტემაზე გადავიდოდით, სადაზღვევო სექტორის მხრიდან ჩვენთან კონკრეტული ინიციატივები არ დაფიქსირებულა ან შეხვედრაზე ან ურთიერთობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დაშენების ნაწილს, იცით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფებისთვის დაშენების პრინციპი ისედაც გათვალისწინებულია. დაახლოებით მილიონ ორასი ათას ბენეფიციარს დაშენება უკვე შეუძლია. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მათ (სადაზღვევო კომპანიებმა) უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ, რადგან დაზღვეულების რაოდენობა საკმაოდ დაბალია ამ დაშვებულთან მიმართებაში. ვფიქრობ, ჯერ ამ ნაწილში ამოწურონ რესურსი და მომავალში შესაძლებელი იქნება, სხვა ბენეფიციარებზეც გავავრცელოთ. თუმცა თუ რაღაც კონკრეტული შემოთავაზება იქნება, რომელიც ჩვენთვის მისაღები იქნება, არცერთი საკითხი გამორიცხული ნამდვილად არ არის,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.
რაც შეეხება ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსებას. როგორც ცნობილია, დიაგნოზზე მიბმული დაფინასნების პრინციპი, „დიარჯი“ ონკოპაციენტებისთვის საჭირო თერაპიებზე არ ამოქმედებულა. ილია ღუდუშაური ხსნის, თუ რატომ მოხდა ასე და ასევე დაფინანსების გაზრდასა და მედიკამენტების გაიაფებასაც აანონსებს, რაც, პირველ რიგში რეფერენტული ფასების, ანუ ფასების მაქსიმალური ზღვარის დადგენამ უნდა უზრუნველყოს, რაც იანვრიდან შედის ძალაში.
„დიარჯი მეთოდი საერთო ჯამში არის სტაციონარული მკურნალობის მეთოდოლოგია – ოპერაციული ჩარევა, რეანიმაცია და ა.შ. ონკოლოგიური პროგრამის ფარგლებში პაციენტებს უფინანსდებათ ოპერაციები და ამ წუთას ისედაც ჩართულები არიან. რაც შეეხება ქიმიოთერაპიას და სხივურ თერაპიას, ეს არის ამბულატორიული სერვისები, რომლებიც დიარჯიში ფიზიკურად ვერ შევა და შეუძლებელია. მედიკამენტოზურ და ამბულატორიულ მკურნალობას დიარჯიში ვერ შევიტანთ, თუმცა ჩვენ ვაპირებთ და ამ ეტაპზე ვმუშაობთ ონკოლოგიური ამბულატორიული სერვისების ტარიფიკაციაზე. ტარიფები შეიცვლება და ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, კონკრეტული განსაზღვრული ტარიფით გაუწიოს მომსახურება საყოველთაოს ფარგლებში დაფინანსებულ პაციენტებს.
თქვენ იცით, რომ დიარჯის შემოღებასთან ერთად ლიმიტები ისედაც გაიზარდა – ადრე იყო 18 და 23 ათასი და ახლა გახდა 25 ათასი. მას შემდეგ, რაც ტარიფები მოწესრიგდება და სერვისების რაოდენობებს დავითვლით, დაახლოებით რამდენი სჭირდება საშუალოდ, ლიმიტებს აუცილებლად გადავხედავთ და შესაბამისად, ნებისმიერ კლინიკაში თანაბარი სერვისების მიღების საშუალება აუცილებლად ექნებათ.
რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან დანახარჯს, რაც აქვთ მათ ამწუთას, არის მედიკამენტების ნაწილი და ამ ნაწილში რეფერენტული ფასები ძალიან დიდ შეღავათს მისცემს მათ. ასევე ვმუშაობთ კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით საკითხზე, რომ პირდაპირ მომწოდებლები შემოვიყვანოთ საქართველოში და სახელმწიფოსთან გააფორმონ კონკრეტულ მედიკამენტებთან, თუმცა ამაზე ჯერ მუშაობა მიმდინარეობს,“ – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამბულატორიული მკურნალობა „დიარჯის“ სისტემაში ვერ შევა, რადგან ეს სქემა სტაციონარულ მომსახურებას შეეხება. თუმცა ის, რომ ეს სერვისები „დიარჯის“ მიღმა რჩება, არ გამორიცხავს ონკოპაციენტების თერაპიებისა და მედიკამენტების დაფინანსებას პერსონალიზებული მიდგომით, ანუ თითოეული პაციენტის კონკრეტული დიაგნოზის მიხედვით. ექიმების თქმით, სიმსივნური დაავადებები მრავალი სახისაა და თითოეული მათგანი განსხვავებულ, სპეციფიკურ მიდგომას, ასევე განსხვავებულ მედიკამენტებს საჭიროებს, ყველა პაციენტისადმი ერთიანი მიდგომა კი მკურნალობის ეფექტიანობას ამცირებს. შესაბამისად, მხოლოდ მედიკამენტების გაიაფება და ბიუჯეტის ზრდა ამ დაავადების მქონე ადამიანების მკურნალობისთვის საკმარისი არ არის. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება იმის თაობაზე, რომ უწყება მუშაობს და ფიქრობს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის გაუმჯობესებაზე, იძლევა იმედს, რომ სახელმწიფო გაითვალისწინებს ექიმებისა და თავად პაციენტების საჭიროებებს და ცვლილებებსაც ამის მიხედვით დაგეგმავს.