მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » სამინისტრო კლინიკებს აფრთხილებს – პაციენტისთვის ზედმეტი თანხის მოთხოვნისთვის იანვრიდან სანქციები ამოქმედდება

სამინისტრო კლინიკებს აფრთხილებს – პაციენტისთვის ზედმეტი თანხის მოთხოვნისთვის იანვრიდან სანქციები ამოქმედდება

დიარჯის“ სისტემაში გამოვლენილი ხარვეზების გამო იანვრიდან კლინიკების დაჯარიმება დაიწყება. ამის შესახებ გამოცემა „ბიემჯის“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განუცხადა.

„კლინიკები გარკვეულ მაღალტექნოლოგიურ გეგმიურ ოპერაციებს არ ნიშნავდნენ იმის გამო, რომ გასაშუალოებულ ტარიფში საშუალოზე ოდნავ მაღალი თანხა სჭირდებოდათ რეალურად, თუმცა კომუნიკაცია გვაქვს და გარკვეულ კოდებზე უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია კლინიკებს, რომ ისინი ვალდებულნი არიან, ოპერაციები გააკეთონ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ჩარევაზე შესაძლოა იზარალონ კიდევაც. წერილობით ვაცნობებთ კლინიკებს, რომ ეს არის დარღვევა და პირველი იანვრიდან, როდესაც საპილოტე რეჟიმი დასრულდება, კლინიკებს ასეთი ტიპის შემთხვევებზე საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ. არის კოდები, სადაც ფასის შემცირება იქნება, არის კოდები, სადაც მომატება იქნება იქიდან გამომდინარე, რა სტატისტიკაც დაიდება ორი თვის შედეგად,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ დიარჯის ამოქმედების პირველივე დღეებში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოთხოვნადი ექიმებმა უარი თქვეს „საყოველთაო ჯანდაცვის“ ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაწესებული ტარიფით ოპერაციების ჩატარებაზე. ერთერთი ასეთი გახმაურებული შემთხვევა იყო, როდესაც ერთერთ პაციენტს „რკინიგზის საავადმყოფოში“ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებით ტრავმატოლოგიური ოპერაციის გაკეთებაზე უარი უთხრეს.  კლინიკამ პაციენტს განუცხადა, რომ თუ სურს, ოპერაცია  სასურველმა ექიმმა გაუკეთოს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უნდა დატოვოს და 6200 ლარიანი ოპერიაცია მთლიანად თავად დააფინანსოს. ექიმი, რომელსაც აღნიშნული ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, ვაჟა გაფრინდაშვილია. ცნობილი ტრავმატოლოგის თქმით,ამ ოპერაციიის “საყოველთაო ჯანდაცვის” ფარგლებში გაკეთებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფი ამ სამედიცინო ჩარევის ხარისხიანად ჩატარების საშუალებას არ იძლევა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები ანაზღაურების ახალ, DRG-სისტემაზე 1 ნოემბრიდან გადავიდნენ. DRG-მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.

დამატებითი მომსახურებების, მაგალითად „ვიაიპი“ პალატის ან კონკრეტული წარმოების სამედიცინო მასალის გამოყენების სურვილის შემთხვევაში პაციენტს უფლება აქვს, ერთჯერადად, მხოლოდ კონკრეტული სამედიცინო ჩარევისთვის, დატოვოს საყოველთაო ჯანდაცვა და მთელი სერვისის ღირებულება კერძო დაზღვევის საშუალებით ან საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს.

დიარჯის საპილოტე რეჟიმისთვის ორთვიანი ვადა – ნოემბერ-დეკემბერი იყო გამოყოფილი, რა დროსაც ხარვეზების შემთხვევაში კლინიკები არ ჯარიმდებიან. იანვრიდან კი საჯარიმო სანქციები ამოქმედება. კერძოდ, პირველი ნოემბრიდან კლინიკა, რომელიც პაციენტს დადგენილ ანაზღაურებაზე მეტ თანხას გადაახდევინებს, ამ შემთხვევისთვის დაწესებული ტარიფის სამმაგი ოდენობით დაჯარიმდება. დარღვევის გამეორების შემთხვევაში კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 6 თვით გამოეთიშება.

ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს, დიარჯის ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯანდაცვის მინისტრი აცხადებდა, რომ კლინიკები გადაცდომების შემთხვევაში მკაცრად დაჯარიმდებიან.

„ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ პაციენტის მხრიდან თანაგადახდას. თანაგადახდა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმ ფარგლებში – 0-დან 30%-მდე ფარგლებში, რასაც ჩვენ ვაწესებთ ჩვენი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისთვის. მაგალითად სოციალურად დაუცველისთვის ეს 0 უნდა იყოს და არაფერს არ უნდა ამატებდეს. ზოგიერთისთვის 10% და ა.შ. აქამდე რაც იყო, რომ კლინიკები ვიპ-სერვისისთვის, ვიპ-ექიმისთვის და სხვადასხვა ტიპის მომსახურებებისთვის დამატებით თანხებს ანაზღაურებინებდნენ, ამას მკაცრად გავაკონტროლებთ და პირველი გაფრთხილების შემდეგ კლინიკა ჩაიხსნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან და თუ სურვილი აქვს, დამოუკიდებლად გააგრძელოს კომერციული საქმიანობა. იანვრამდე ეს იქნება ერთგვარი საპილოტე რეჟიმი – შესაძლოა იყოს ხარვეზები ან რაიმე გაუაზრებელი ინფორმაცია შეიყვანონ და აქედან გამომდინარეა, რომ არ დავაჯარიმებთ და მკაცრ ზომებს არ მივმართავთ. იანვრიდან კი ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ და ყველა კლინიკა, რომელიც იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული, როგორც დაფინანსების ისე მომსახურების ხარისხის ნაწილში, მკაცრად გაკონტროლდება,“ – აღნიშნა მინისტრმა.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …