მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » “ევექსი” ექთნებისთვის მინიმალური ანაზღაურების დაწესებაზე: „არ შეიძლება პრობლემის ამოგლეჯილად მოგვარება“ 

“ევექსი” ექთნებისთვის მინიმალური ანაზღაურების დაწესებაზე: „არ შეიძლება პრობლემის ამოგლეჯილად მოგვარება“ 

საექთნო მიმართულებით არსებულ პრობლემებს მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაწესება ვერ მოაგვარებს. აუცილებელია სფეროს მდგრადი განვითარება და უწყვეტი სამედიცინო განათლების უზრუნველყოფა. ამის შესახებ „ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ქავთარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველ წელს ექთნობის მსურველი ადამიანების რაოდენობა მცირდება და გარდა ამისა, ბევრმა ექთანმა შეიცვალა პროფესია და შეეცადა, უფრო მაღალანაზღაურებად პროფესიაზე გადაკვალიფიცირებულიყო.

ქავთარაძის განცხადებით, მაღალია იმ ექთნების გადინება უცხოეთში, რომლებსაც ენის ბარიერი არ აქვთ.

„სხვა ქვეყნებში ექთნის ხელფასი ქვეყნის საშუალო ხელფასის ან ტოლია ან მეტია. ჩვენთან კი ექთნის ხელფასი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ავიღოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც კერძო სექტორს აწევს. მაგალითად, შარშან 5 მილიონი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი, რომ შემოგვეღო ექთნების მინიმალური ანაზღაურების სქემა. შემოვიღეთ ყოველთვიური წამახალისებელი მექანიზმები, რომელიც უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართულობაზე და პაციენტის კმაყოფილებაზეა მიბმული. თუმცა პრობლემას მხოლოდ ეს ვერ მოაგვარებს. როცა სახელმწიფო ტარიფიკაციას აკეთებს,  აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს ის ანაზღაურება, მათ შორის ექთნებისთვისაც, რომელიც ამ პროფესიის მდგრადობას შეუწყობს ხელს,“ – განაცხადა ეკატერინე ქავთარაძემ.

რაც შეეხება მინიმალურ ტარიფებს, ქავთარაძის თქმით, „ევექსის“ თბილისის ჰოსპიტლებში ექთნების ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ტარიფზე მაღალია, რეგიონებში კი ახალი ტარიფი ექთნებისთვის შეღავათი იქნება, თუმცა არც ეს არის ის ანაზღაურება, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს.

„სახელმწიფომ სხვა პოზიციებზეც დაადგინა ანაზღაურების მექანიზმი. თუ აღმოჩნდება, რომ არსებული დაფინანსების მექანიზმი ამ ანაზღაურების მექანიზმს ვერ „აწევს“, მათ შორის რეგიონების იმ პატარა კლინიკებში, სადაც ყველაზე მეტად ჭირს ხოლმე კვალიფიციური ექთნის მოძიება, აღმოჩნდება, რომ კერძო და თუნდაც სახელმწიფო სექტორს მოუწევს ან სუბსიდირებაზე ყოფნა, ან მდგრადად დარგის განვითარება ვერ მოხდება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ არ შეიძლება ამოგლეჯილად რაღაც  პრობლემის მოგვარება. როდესაც ვამბობთ, რომ საექთნო მიმართულება ქვეყნის ჯანდაცვაში არის ერთერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, ამას მხოლოდ დადგენილებაში მინიმალური ხელფასის განსაზღვრა ვერანაირად ვერ უპასუხებს,“ – განაცხადა ეკატერინე ქავთარაძემ.

შეგახსენებთ: 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში საშუალოდ 792ლარი) განისაზღვრება.

ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …