ის, რომ პაციენტს არ შეუძლია თანხის დამატებით უკეთესი სამედიცინო სერვისით ან სახარჯი მასალით სარგებლობა, სწორი არ არის, მსგავსი ლაფსუსები ჯანდაცვის სექტორში „დიარჯის“ ამოქმედებით დაწყებული სასიკეთო ცვლილებების დისკრედიტაციას გამოიწვევს.
ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია ეს რეფორმა კარგად და ეფექტიანად განხორციელდეს. ზოიძე ამბობს, რომ „დიარჯი“ ყველა მონაწილისგან განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს როგორც მკურნალობის, ისე ფინანსური მართვის კუთხით.
ერთერთი აქტუალური საკითხია კლინიკაში დაყოვნება. ვრცელდება ინფორმაცია ფაქტებზე, როცა ადამიანებს კლინიკიდან მოკლე ვადაში წერენ. ზოიძე ამბობს, რომ ყოველთვის, როცა პაციენტს კლინიკიდან ადრე წერენ, არ ნიშნავს, რომ ეს ცუდია, ცუდი, მისი თქმით, საავადმყოფოში ყოფნაა.
„თუ აქამდე არსებული მეთოდით კლინიკა ადამიანს ზედმეტ მომსახურებას უწევდა და ამის ხარჯზე იღებდა მეტ შემოსავალს, ახლა მოტივაცია აქვთ, ნაკლები მომსახურება გაუწიონ პაციენტს. პაციენტის მხრიდანაც პრობლემაა იმ ფორმატში, რომელშიც ეს ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, პაციენტს არ აქვს უფლება დამატებითი თანხა გადაიხადოს და ამის საფუძველზე მიიღოს უკეთესი მომსახურება ან გარკვეული ხარისხის მაგალითად ბროლი კატარაქტის ოპერაციის შემთხვევაში ან უფრო მაღალი ხარისხის სტენტი, რომელიც უფრო ძვირი ღირს,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ
მისი განმარტებით, ადრე პაციენტს ჰქონდა უფლება, რასაც იხდიდა საყოველთაო, ამაზე თავად დაემატებინა ჯიბიდან და უკეთესი სერვისი მიეღო. დღეს კი ეს უფლება არ აქვს და ამისთვის უნდა გამოვიდეს საყოველთაო ჯანდაცვიდან და ოპერაციის ხარჯი მთლიანად თავად გადაიხადოს.
„ეს არაა სწორი და ასეთმა ლაფსუსებმა შესაძლოა კარგი წამოწყების დისკრედიტაცია გამოიწვიოს,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.