მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ინფექციის კონტროლის კუთხით გამოვლენილი დარღვევების გამო, 59 სამედიცინო დაწესებულება 253 000 ლარით დაჯარიმდა

ინფექციის კონტროლის კუთხით გამოვლენილი დარღვევების გამო, 59 სამედიცინო დაწესებულება 253 000 ლარით დაჯარიმდა

მიმდინარე წელს, შიდა ინფექციებზე 91 სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა, საიდანაც ინფექციის კონტროლის კუთხით გამოვლენილი დარღვევების გამო 59 დაწესებულება ჯამში 253 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან „ინტერპრესნიუსის“ საპასუხოდ გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 დაწესებულებას მიეცა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო 28 დაწესებულების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა ამ ეტაპისთვის დასრულებული არ არის.

„ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, სანებართვო პირობების შემოწმება მიმდინარე წელს, პირველადად განხორციელდა 91 სამედიცინო დაწესებულებაში. ყველა შემთხვევაში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მათგან სასამართლოებიდან მიღებული დადგენილებების საფუძველზე, 59 დაწესებულებას დაეკისრა ჯარიმა,(საჯარიმო სანქციამ ჯამურად შეადგინა 253 000 ლარი). 4 დაწესებულებას მიეცა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო 28 დაწესებულების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა ამ ეტაპისთვის დასრულებული არ არის.

იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებსაც სასამართლოს მიერ დაეკისრათ ჯარიმა, სანებართვო პირობების გამოსწორებისთვის, ეძლევათ გონივრული ვადა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ხდება მათი განმეორებითი გადამოწმება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება სანებართვო პირობების გამოსწორებას, როგორც უწყებაში განმარტავენ, სანებართვო პირობების გამოსწორების მდგომარეობა გადამოწმდა 11 სამედიცინო დაწესებულებაში, 2 დაწესებულებაში გამოსწორდა სანებართვო პირობები, ხოლო 9 შემთხვევაში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

„ამ ეტაპისთვის სანებართვო პირობების გამოსწორების მდგომარეობა გადამოწმდა 11 სამედიცინო დაწესებულებაში, (მათ შორის 1 დაწესებულება გადამოწმდა ორჯერ). გადამოწმების შედეგად, 2 დაწესებულებაში გამოსწორდა სანებართვო პირობები, ხოლო 9 შემთხვევაში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. აქედან 2 დაწესებულება დაჯარიმდა და საჯარიმო სანქციამ ჯამურად შეადგინა 27 000 ლარი. 3 დაწესებულებაში სასამართლო დადგენილების საფუძველზე საქმისწარმოება შეწყდა, ხოლო 4 დაწესებულების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა სასამართლოში არ დასრულებულა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაცია

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …