მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანმო საქართველოს მთავარ გამოწვევებს ასახელებს

ჯანმო საქართველოს მთავარ გამოწვევებს ასახელებს

საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ამ თარიღთან დაკავშირებით ორგანიზაციის ევროპის ბიურო რელიზს ავრცელებს, რომლის თანახმადაც გასული 3 ათწლეულის განმავლობაში, ჯანმო საქართველოსთან ერთად ცდილობდა ისეთი მომაკვდინებელი დაავადებების ტვირთის შემცირებას, როგორიცაა ვირუსული ჰეპატიტი და ებრძოდა ისეთ მავნე ჩვევებს, როგორიც თამბაქოს მოხმარებაა. განცხადებაში აღნიშნულია:

„ჯანმრთელობა – სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობაა და არა მხოლოდ დაავადების ან უნარშეზღუდულობის არარსებობა“ – წერია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციაში, რომელიც წევრმა სახელმწიფოებმა 1948 წელს დაამტკიცეს. „ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც შეიძლება გაგვაჩნდეს. როდესაც ადამიანები ჯანმრთელები არიან, მათ შეუძლიათ ისწავლონ, იმუშაონ და უზრუნველყონ საკუთარი თავი და ოჯახი. როდესაც ისინი ავად არიან, სხვა ყველაფერი აზრს კარგავს. ამიტომ WHO-ის მიზანია ჯანმრთელობის უზრუნველყოფა ყველასთვის.” – ამბობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი.

30 წლიანი პროგრესი

საქართველოს WHO-ში გაწევრიანების შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ქვეყანამ რამდენიმე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. პირველი ასეთი მიღწევაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა (2013), რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვით მოცული მოსახლეობის წილი. პროგრამამ შეამცირა ხელმისაწვდომობის ფინანსური ბარიერები და გაზარდა სერვისებით სარგებლობა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, ვინც მანამდე არ იყო მოცული.

გარდა ამისა, ჯანმოს დახმარებითა და მის ექსპერტიზაზე დაყრდნობით, 2017 წელს საქართველომ მიიღო რეგიონში თამბაქოს კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კანონი. რაც ითვალისწინებს მთელ რიგ მოწინავე ზომებს, მათ შორის მოწევის აკრძალვას დახურულ საჯარო და სამუშაო სივრცეებში, თამბაქოსა და მისი პროდუქტების რეკლამას, პოპულარიზაციასა და სპონსორობას და აშ. 2023 წლის იანვრიდან კი ამოქმედდება თამბაქოს სტანდარტული (სადა) შეფუთვა. პოლიტიკის წარმატებული აღსრულების შედეგად, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი შემცირდა 10%-ით, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება – 15%-ით და თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება საზოგადოებრივ ადგილებში კი – 90%-ით.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში შეინიშნება C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებში (რაც 2015 წელს ზრდასრული მოსახლეობის 7.7%-ს შეადგენდა). ჯანმოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შეიქმნა C ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებული პროგრამა, რომლის მიზანიც იყო დაავადების პრევალენტობის რადიკალური შემცირება მასობრივი სკრინინგისა და მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის გზით. C ჰეპატიტზე სკრინინგი ზრდასრული მოსახლეობის 70%-ზე მეტს ჩაუტარდა, ხოლო მკურნალობის ეფექტურობა კი 98.9%-ს შეადგენს.

და ბოლოს, ჯანმოს თანადგომას COVID-19 პანდემიის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის. WHO-მ უზრუნველყო ტექნიკური და სტრატეგიული მხარდაჭერა პანდემიაზე ყოვლისმომცველი რეაგირებისთვის, ხელი შეუწყო სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო და პირადი დამცავი აღჭურვილობის მიწოდებას და ვაქცინაციის პოპულარიზაციას. ჯანმომ გადაამზადა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, პირველადი ჯანდაცვისა და ლაბორატორიის მუშაკები და აქტიური მონაწილეობა მიიღო რისკების კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის სფეროში, რამაც ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების აღსრულებასა და ვაქცინებზე მოთხოვნის ზრდას.

რეაგირება პრიორიტეტებზე და მუდმივი მზადყოფნა

საქართველოს მიერ ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, რიგი პრიორიტეტები რჩება გადასაჭრელი. პირველ რიგში, პირველადი ჯანდაცვის როლი ჯერ კიდევ სუსტია და არსებობს მნიშვნელოვანი უთანასწორობა ქალაქში და სოფლად ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის კუთხით. შორეულ და სოფლად დასახლებულ პუნქტებში სამუშაოდ პერსონალის დაქირავება და შენარჩუნება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ექთნების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის რეგიონში და მათი როლი სისტემაში ძალიან შეზღუდულია.

ამასთან ერთად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოში გაიზარდა ისეთი არაგადამდები დაავადებების ტვირთი, როგორიცაა კიბო, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და აშ. ისინი სიკვდილიანობის 90%-ზე მეტს შეადგენს, ინსულტი კი სიკვდილის წამყვანი მიზეზია. ამჟამად ჯანმო ეხმარება საქართველოს არაგადამდები დაავადებების ტვირთის შემცირებაში. ეს მოიცავს მხარდაჭერას არაგადამდები დაავადებების შესახებ ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და ისეთი რისკ-ფაქტორების შემცირებას, როგორიცაა თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება და ა.შ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ესენციურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რადგან მაღალია მათი ღირებულება და მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდები ოჯახებისთვის კატასტროფული ხარჯების მთავარი ფაქტორია, რაც მათ სიღარიბისკენ უბიძგებს. ამჟამად საქართველო მუშაობს ფასების რეგულირების მექანიზმზე, რომელიც ეყრდნობა საქართველოს მსგავს ქვეყნებში არსებულ ფასებს. ამასთან ერთად საჭიროა ანაზღაურების ახალი პოლიტიკა, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და მედიკამენტების რაციონალური დანიშვნის ხელშეწყობა.

ჯანმო თვალს ადევნებს პროგრესს, აკონტროლებს ტენდენციებს და რჩება მუდმივ მზადყოფნაში. ჯანმო დგას საქართველოს გვერდით მის ბრძოლაში უკეთესი, უფრო ხელმისაწვდომი და თანასწორი ჯანდაცვის სერვისებისთვის და გადამდები და არაგადამდები დაავადებებისგან სიკვდილიანობის შემცირებისთვის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც პასუხისმგებელია გლობალურ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. იგი დაარსდა 1948 წელს და ჩაანაცვლა ერთა ლიგის ჯანმრთელობის ორგანიზაცია. ორგანიზაციის წევრი 194 სახელმწიფოა. იგი წარმოდგენილია მსოფლიოს ექვს რეგიონში და 150-ზე მეტ ქვეყანაში. ჯანმოს მიზანია ყველა ადამიანს, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, საჭიროებისამებრ ჰქონდეს წვდომა მედიკამენტებზე და ჯანდაცვის სერვისებზე. მტკიცებულებებზე დაყრდნობით, WHO ადგენს სტანდარტებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლის მიზანიცაა დაიცვას და გააუმჯობესოს ადამიანების ჯანმრთელობა სიცოცხლის ყველა ეტაპზე, საყოფაცხოვრებო თუ პროფესიული საქმიანობის დროს.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …