დიარჯის ამოქმედების პირველ დღეებში კლინიკებისა და პაციენტებისთვის გარკვეული ხარვეზები და პრობლემები უკვე გამოიკვეთა. ამის შესახებ ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელმა, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა მაია მახარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკებმა უკვე დაიწყეს „დიარჯის“ პრინციპით შემთხვევების გადაცემა ჯანდაცვის სამინისტროსთვის. იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც ლაგდება და იმ 1-2 თვის ჭრილში, რომელიც სატესტოა, უფრო კარგად გამოჩნდება თუ როგორ მუშაობს სისტემა. ამასთან, როგორც მახარაშვილი ამბობს, ბევრი პრობლემა აღმოიფხვრა და დასტაბილურდა.
მაია მახარაშვილი საუბრობს კიდევ ერთ პრობლემაზე, რომელიც პაციენტებისთვის მტკივნეული აღმოჩნდა. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ საშუალო ხელფასი და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უწევთ 30%-იანი თანაგადახდა. ეს კი, როგორც მაია მახარაშვილი ამბობს, პირველი დონის ინტენსიური მოვლის შემთხვევაში საკმაოდ მაღალი თანხაა.
„აღმოჩნდა, რომ თანაგადახდა მაღალია იმ ჯგუფისვის, რომელსაც აქვს ხელფასი 40 ათასამდე წელიწადში. ანუ 1000 ლარიანი ხელფასის ადამიანებისთვის შეიძლება ეს 30% იყოს 900 ლარი. ესენი არ არიან რეანიმაციული პაციენტები, მაგრამ მაგალითად აქვთ კრიტიკული ანემია. ან ონკოპაციენტები, რომლებსაც სისხლის გადასხმა სჭირდებათ. იყო შემთხვევები, როდესაც ასეთი გადასახადის გამო მათ უარი განაცხადეს მკურნალობაზე, რადგან ეს თანაგადახდა მათთვის მტკივნეულია,“ – აღნიშნა მაია მახარაშვილმა.