ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ სტატისტიკას აღარ გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ. სამინისტროს განმარტებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების დაღმავალი ტენდენცია ფიქსირდება და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ-სტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს.
„კოვიდთან დაკავშირებულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაამუშავებს რუტინული სტატისტიკური ანგარიშგების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებს კი გაუზიარებს საჯარო წესით, მიმართვის შემთხვევაში“ – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
კოვიდ 19-ის სტატისტიკა ყოველდღიურად ქვეყნდებოდა, მაისიდან ოფიციალური სტატისტიკა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე კვირაში ერთხელ იდებოდა, ბოლოს კი, ოქტომბრის დასაწყისში ერთი თვის მონაცემები დაიდო.