პაციენტების ნაწილი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ოპერაციების ჩატარებას გეგმავს, უკმაყოფილებას გამოთქვამს ახალი წესის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, თუ პაციენტს პროგრამით გათვალისწინებულის გარდა, სხვა დამატებითი სერვისების მიღება სურს, ამისთვის მან ერთჯერადად უნდა დატოვოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც კონკრეტული ჩარევის დასრულებისთანავე დაუბრუნდება. შესაბამისად, თუ ადრე მაგალითად კარდიოლოგიურ პაციენტს შეეძლო, კონკრეტული წარმოების სტენტი მოეთხოვა და ამაში დამატებითი თანხა გადაეხადა, ხოლო ოპერაციის დანარჩენ ნაწილს საყოველთაო ჯანდაცვა უფინანსებდა, ახლა იმისთვის, რომ მისთვის სასურველი სტენტი ჩაუდგან, მან მთლიანად უნდა დატოვოს „საყოველთაო“ და ოპერაციის თანხა (მასალების ჩათვლით) თავად გადაიხადოს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური ამ ცვლილებას სამართლიანს უწოდებს და მას ასე ხსნის:
„ყველაზე მნიშვნელოვანია, პაციენტმა იცოდეს, რომ ის სერვისი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, არის კარგი ხარისხის. თუ კლინიკიდან წამოვა შეთავაზება უკეთესთან დაკავშირებით, პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ სახარჯი მასალა – შუნტი იქნება თუ სტენტი – კლინიკა, რომელიც ჩართულია პროგრამაში, უწევს კარგი ხარისხის მომსახურებას. ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ რომელიმე პაციენტს სჭირდება ვიპ-მომსახურება, კლინიკა თუ ოთახი თუ სახარჯი მასალა, კლინიკას შეუძლია, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში გამოაგზავნოს ინფორმაცია, რასაც ჩვენ ძირითად შემთხვევაში რა თქმა უნდა დავუდასტურებთ და ასეთ შემთხვევაში პაციენტს შეუძლია ერთჯერადად გაეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, ამ ჩარევის დასრულების შემდეგ კი კვლავ შეუძლია, ისარგებლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. წინა წლებში იყო სხვანაირი მიდგომა – როდესაც გაეთიშებოდი საყოველთაო ჯანდაცვას, ერთი წლის განმავლობაში ვეღარ დაბრუნდებოდი. ჩვენ ვიზრუნეთ ამ საკითხზე და ვფიქრობ, რომ მიდგომა სამართლიანია. ვისაც სჭირდება უკეთესი და საუკეთესო მომსახურება, განსაკუთრებული სახარჯი მასალა იქნება თუ კლინიკა თუ ოთახი, შეუძლია ერთჯერადად გაეთიშოს საყოველთაოს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა ამ ჩარევასთან დაკავშირებით იქნება ნოლი ლარი,“- განაცხადა ღუდუშაურმა.
ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრის დირექტორი რევაზ ჯორბენაზე აცხადებს, რომ დაფინანსების ახალი წესების ამოქმედება კლინიკებს შორის კონკურენციას გაზრდის და ისინი შეეცდებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ.
„პაციენტი ორიენტირებული იქნება, მოძებნოს კლინიკა არა იმის მიხედვით, სად იაფია და სად ძვირია, არამედ ხარისხობრივად შეარჩიოს კლინიკა, რაც ჯანსაღი კონკურენციის გარემოს ქმნის. ეს, პირველ რიგში, წაადგება ჩვენ მოქალაქეებს, შემდეგ კი თვითონ კლინიკებს და სამედიცინო პერსონალს ექნება დამატებითი მოტივაცია, უფრო განვითარდნენ და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება გაუწიონ პაციენტებს,“- განაცხადა ჯორბენაძემ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები ანაზღაურების ახალ, DRG-სისტემაზე 1 ნოემბრიდან გადავიდნენ. DRG-მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.
მთავარი პოზიტიური შედეგი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ამ სისტემის ამოქმედების შემდეგ ელოდება, პაციენტის მიერ დამატებითი თანხის გადახდის პრაქტიკის აღმოფხვრაა. მაგალითად, კლინიკა პაციენტს ისეთი სერვისებისთვის, როგორიცაა ვიპ-პალატა, აყვანილი ექიმი, გარკვეული სახარჯი მასალა და ა.შ. – დამატებით თანხას ვეღარ მოსთხოვს. ხოლო თუ პაციენტს ამ სერვისების მიღება სურს, შეუძლია, ერთჯერადად გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომელსაც ამ სერვისის მიღებისთანავე დაუბრუნდება.