მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილე კლინიკებისთვის ანაზღაურების ახალი სისტემა ამოქმედდა

საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილე კლინიკებისთვის ანაზღაურების ახალი სისტემა ამოქმედდა

დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები ანაზღაურების ახალ, DRG-სისტემაზე გადადიან.

DRG-მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.

მთავარი პოზიტიური შედეგი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ამ სისტემის ამოქმედების შემდეგ ელოდება, პაციენტის მიერ დამატებითი თანხის გადახდის პრაქტიკის აღმოფხვრაა. მაგალითად, კლინიკა პაციენტს ისეთი სერვისებისთვის, როგორიცაა ვიპ-პალატა, აყვანილი ექიმი, გარკვეული სახარჯი მასალა და ა.შ. – დამატებით თანხას ვეღარ მოსთხოვს. ხოლო თუ  პაციენტს ამ სერვისების მიღება სურს, მას შეუძლია, ერთჯერადად გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომელსაც ამ სერვისის მიღებისთანავე დაუბრუნდება.

„DRG სისტემით, კლინიკებს ისეთ სატარიფო სისტემასა და საბაზისო ტარიფს

განვუსაზღვრავთ, რომ პაციენტს გარკვეული თანხის დამატება აღარ მოუწიოთ“, –

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

უკვე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.

ცვლილებების თანახმად, კლინიკა, რომელიც პაციენტს დადგენილ ანაზღაურებაზე მეტ თანხას გადაახდევინებს, ამ შემთხვევისთვის დაწესებული ტარიფის სამმაგი ოდენობით დაჯარიმდება. დარღვევის გამეორების შემთხვევაში კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 6 თვით გამოეთიშება.

„იმ შემთხვევაში, თუ კონტროლისას/რევიზიისას გამოვლინდება, რომ მიმწოდებელმა DRG მეთოდით დაფინანსებული პროგრამული მომსახურებისათვის მოსარგებლეს გადაახდევინა მოსარგებლის მიერ პროგრამით განსაზღვრულ ასანაზღაურებელ თანხაზე მეტი (მათ შორის, VIP მომსახურებაზე − აყვანილი ექიმი/ექთანი, არჩეული პალატა/სახარჯი მასალა), მიმწოდებელი იხდის ჯარიმას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობის სახით. ამასთან, დარღვევის გამოვლენიდან მისი განმეორებით ჩადენა დამატებით გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმწოდებლის სტატუსის შეჩერებას 6 თვით,“ – ნათქვამია დადგენილებაში.

ამასთან, დადგენილების თანახმად, პაციენტს შეუძლია კონკრეტული სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის, ერთჯერადად უარი თქვას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც ყველა ხარჯს თავად დააფინანსებს. ეს მას საშუალებას მისცემს, ისარგებლოს იმ მომსახურებებით, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვა არ ითვალისწინებს – მაგალითად VIP მომსახურება − აყვანილი ექიმი/ექთანი, არჩეული პალატა, სახარჯი მასალა (მაგალითად მისთვის სასურველი სტენტი და არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით შეთავაზებული და სხვ.).

„ბენეფიციარს შეუძლია კონკრეტული შემთხვევის დროს უარი თქვას აღნიშნული დადგენილების პირობებით სარგებლობაზე, რისთვისაც მან ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს განმახორციელებელს. აღნიშნული შემთხვევის ფარგლებში პირი ერთჯერადად კარგავს უფლებას, ისარგებლოს პროგრამით განსაზღვრული პირობებით,“ – ნათქვამია დადგენილებაში.

დაფინანსების ახალი სისტემა ამ ეტაპზე არ გავრცელდება შემდეგ სერვისებზე:

გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია;

ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა;

გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა;

მშობიარობა / საკეისრო კვეთა; ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები;

კომბუსტიოლოგია;

თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ინსულტის შემთხვევაში;  სხვა მაღალტექნოლოგიური სამედიცო მომსახურება.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …