გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო დაიხურა არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ განცხადებას სამედიცინო ჰოლდინგი ავრცელებს.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2023 წლის გაზაფხულზე თბილისში იხსნება ახალი ინფექციური საავადმყოფო, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და აღიჭურვება უმაღლესი ხარისხის სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით. სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ინფექციური კლინიკა, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულად უზრუნველყოფს ინფექციური დაავადებების მართვას, მოზრდილთა და ბავშვთა მიმართულებით.
ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებაა, ამ მიზნით უწყება აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ასევე მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც 2025 წლიდან, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკას საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებას დაავალდებულებს,“- ნათქვამია განცხადებაში.