მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ილია ღუდუშაური: იმედი მაქვს, იაშვილის კლინიკა უმაღლეს დონეზე გაუწევს მომსახურებას თავის პაციენტებს

ილია ღუდუშაური: იმედი მაქვს, იაშვილის კლინიკა უმაღლეს დონეზე გაუწევს მომსახურებას თავის პაციენტებს

იაშვილის კლინიკის შემოწმება და შემოწმების შედეგები არაა ერთეულ კლინიკასთან მიმართებით გამოყენებული ზომა და ქვეყანაში უამრავი სხვა სამედიცინო დაწესებულებაა შემოწმებული.

ამ შინაარსის განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. თუმცა ილია ღუდუშაურს არ დაუკონკრეტებია, იაშვილის გარდა, კიდევ რომელ კლინიკაში აღმოჩნდა დარღვევები. ღუდუშაურმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე, 100-მდე სამედიცინო დაწესებულებაში შემოწმდა ინფექციების კონტროლის კუთხით არსებული მდგომარეობა და თანაც – არაერთხელ.

„რეგულირების სააგენტო ძალიან აქტიურად მუშაობს. იაშვილის კლინიკა არაა ერთი კონკრეტული შემთხვევა.  წლის დადაწყისიდან 100-მდე კლინიკა შევამოწმეთ ინფექციების კონტროლის ნაწილში და ასევე ფინანსური მიმართულებით. რიგ კლინიკებში 2-3 ჯერ ვართ შესული. ასე იყო იაშვილის შემთხვევაშიც. კლინიკები გვეთანამშრომლებიან და ყველა ცდილობს დააკმაყოფილონ სტანდარტები. იაშვილშის კლინიკასთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჭიროა დასრულდეს ის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც ამ კლინიკას ჰქონდა. მათ აიღეს პასუხისმგებლობა ამაზე და კონკრეტული ვადაც დაასახელეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ვადებში ისინი შეძლებენ  ამას და იაშვილის კლინიკა, რომელიც ერთერთი მთავარი კლინიკაა, დაბრუნდება ჯანდაცვის სფეროში და  და უმაღელს დონეზე გაუწევს მომსახურებას თავის პაციენტებს,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ინფექციების კონტროლი იქნება რეგულარული პროცესი მანამდე, ვიდრე ყველა კლინიკა არ მოწესრიგდება, თუმცა ღუდუშაურმა აღნიშნა ისიც, რომ კონტროლი მოწესრიგების შემდეგაც განხორციელდება.

რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებების შემოწმების პროცედურას, როგორც ილია ღუდუშაურმა განმარტა, პირველ შემოწმებაზე კლინიკას ეძლევა მითითებები დარღვევების შესახებ და დარღვევების გამოსწორების ვადები. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი რეგულირების სააგენტო უბრუნდება კლინიკას და ისევ ამოწმებს მას. თუ დადასტურდება პროგრესი, გეგმიურ რეჟიმში გააგრძელებენ შემოწმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მარეგულირებელი სამედიცინო დაწესებულებაში მეორედ, საჭიროების შემთხვევაში კი მესამედაც შევა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გათიშვა და ლიცენზიის შეჩერება კი, ილია ღუდუშაურის განცხადებით, მეოთხე შემოწმების შედეგია.

ღუდუშაურმა არ გამორიცხა, რომ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდეს. ამასთან, მან მოუწოდა პაციენტებს, იყვნენ აქტიურები და ჯანდაცვის სამინისტროს მიაწოდონ ინფორმაცია დარღვევების შესახებ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ პირობა დადო, რომ სამინისტროს ყველა განაცხადზე ექნება რეაგირება.

შეგახსენებთ: გუშინ რეგულირების სააგენტომ განაცხადა, რომ ინფექციის კონტროლის სისტემის არსებობასთან დაკავშირებით იაშვილის კლინიკა შეამოწმა და დარღვევები გამოავლინა.

„გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციამ, მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დაუყოვნებლივ ამ პრობლემების გამოსწორება. შესაბამისად, ამ ეტაპზე, დროებით შეჩერებულია სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებისა. ასევე, ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ იაშვილის კლინიკასთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ, რეფერირებაში შესაბამისი პროფილის კლინიკებში,“ – განაცხადა რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლიანა ჭუმბურიძემ. იმის შესახებ, რომ 20 ოქტომბრიდან სტაციონარულ პაციენტებს ვერ მიიღებდა, იაშვილის კლინიკამ ინფორმაცია 19 ოქტომბერს გაავრცელა და მიზეზად მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დაასახელა.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …