იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აღიარებს, რომ კლინიკაში ინფექციების კონტროლი სათანადოდ ვერ ხდება.
როგორც მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, საავადმყოფო დღეიდან სტაციონარულ პაციენტებს აღარ იღებს, რაც მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებს და სამედიცინო სერვისების ხარისხს უკავშირდება.
„ეს დაკავშირებულია პირველ რიგში კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან, რეგულირების სააგენტოს დასკვნით და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით იაშვილის კლინიკის რამდენიმე დეპარტამენტი რეალურად ვერ აკმაყოფილებს იმ თანამედროვე მოთხოვნებს, რაც სჭირდება სამედიცინო სერვისის განხორციელებას ქვეყანაში. სარემონტო სამუშაოების და ინფრასტრუქტურული პრობლემების უკან რეალურად დგას ინფექციის კონტროლი. რა თქმა უნდა, ინფექციების კონტროლია ჩვენთვის მთავარი საკითხი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ კუთხით არის მიღებული,“ – ასე განმარტა ჩხაიძემ კლინიკაში სტაციონარული პაციენტების მიღების დროებით შეჩერების მიზეზები.
იმის შესახებ, რომ პაციენტების გარკვეული კატეგორიის მიღება დროებით აჩერებდა, კლინიკაში გუშინ განაცხადეს. მათი თქმით, მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომლებიც უკვე დაწყებულია და დასკვნით ეტაპზეა გადასული.
იაშვილის სახელობის საავადმყოფოში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდება. ერთერთი ასეთი ფაქტი მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც კლინიკაში 3 წლის გოგონა გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილი ბავშვის მამა, გურამ ხვედელიძე აცხადებდა, ბავშვი რამდენიმე თვის წინ სამკურნალოდ თურქეთში ჰყავდათ წაყვანილი. უცხოელმა ექიმებმა ოპერაციული ჩარევის რეკომენდაცია არ გასცეს, რადგან ფატალური შედეგის დადგომის მაღალი რისკი იკვეთებოდა. გურამ ხვედელიძის თქმით, თურქეთის კლინიკაში ყოფნის დროს მას იაშვილის კლინიკის ექიმი დაუკავშირდა და დაარწმუნა, რომ ისინი შეძლებდნენ აღნიშნული ოპერაციის წარმატებულად ჩატარებას, რის შდეგადაც ბავშვი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა.
მამის თქმით, ოპერაცია გაკეთდა, რის შემდეგაც ბავშვი ჩაიყვანეს მოუწესრიგებელ პალატაში და იქ განუვითარდა სეფსისი. სეფსისის მკურანლობა კი დაგვიანდა, რამაც, მამის განცხადებით, ბავშვის დაღუპვა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ იაშვილის კლინიკას „ევექსი ჰოსპიტლები“ მართავს.