თუ დღემდე კლინიკებს ჰქონდათ უფლება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის გარდა, პაციენტებისთვის მოეთხოვათ თანხები ვიპ-ოთახებისთვის, აყვანილი ექიმის ჰონორარის ან დამატებითი სერვისებისთვის, ახალი, „დიარჯი“ სისტემის ამოქმედების შემდეგ მათ ეს უფლება აღარ ექნებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკების დაფინანსების ახალი, „დიარჯი“ მოდელის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, დღემდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების დაფინანსება მიმდინარეობდა ჩარევის მიხედვით ანუ კონკრეტულ პაციენტს უნაზღაურდებოდა ის თანხა, რა ჩარევაც დასჭირდებოდა. „დიარჯის“პრინციპი კი, მისივე თქმით, გულისხმობს იმას, რომ დაფინანსება ანაზღაურდება დიაგნოზის მიხედვით.
„კონკრეტულ დიაგნოზზეა განსაზღვრული კონკრეტული ტარიფი და არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩარევა სჭირდება, რომ გამოჯანმრთელდეს – ოპერაცია, რეანიმაცია. სახელმწიფო იხდის დიაგნოზის მიხედვით. იცვლება გადახდის პრინციპი. პაციენტისთვის კი არ იცვლება არაფერი გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ადგენს თამაშის ახალ პირობებს კლინიკებისთვის – თუ დღემდე კლინიკას შეეძლო თანაგადახდის გარდა, დამატებითი უკეთესი სერვისის, ვიპ ოთახის თუ ექიმის ჰონორარისთვის მოეთხოვა დაფინანსება, მას შემდეგ, რაც „დიარჯი“ გაეშვება, ამის მოთხოვნის უფლება კლინიკას აღარ ექნება. პაციენტს ეცოდინება განფასება და შესაბამისი პროცენტი და ამ თანხის ზევით გადახდის მოთხოვნის უფლება კლინიკას არ ექნება,“ – განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, „დიარჯის“ დათვლისას 2 კომპონენტია მნიშვნელოვანი – პირველია საბაზისო ტარიფი, რომელიც არის საშუალო ჩარევის ღირებულება და რომლის დათვლისას აღებულ იქნა 2019 წლის მონაცემი, რომელსაც დაემატა ინფლაცია, რათა ტარიფი სამართლიანი ყოფილიყო. რაც შეეხება კონკრეტული დიაგნოზის კოეფიციენტებს, როგორც ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, მათ გამოიყენეს საერთაშორისო პრაქტიკა, კერძოდ ლატვიური მაგალითი, რაც, მისივე შეფასებით, შეესაბამება საქართველოს რეალობას და სამართლიანია.
„ეს ის ტარიფებია, რომლის ფარგლებშიც კლინიკებს შეუძლიათ ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ საქართველოს მოსახლეობას. იმ კლინიკებთან მიმართებაში, რომლებიც დამატებით მოთხოვნებს წაუყენებენ პაციენტებს, სამინისტრო იქნება მაქსიმალურად მკაცრი და მაქსიმალურ მონიტორინგს განახორციელებს, რომ დამატებითი თანაგადახდა პაციენტებს აღარ მოსთხოვონ,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის: დაფინანსების ახალი სისტემის ამოქმედება 3 ოქტომბრიდან იგეგმებოდა. ამჯერად კი აღნიშნული მოდელის ძალაში შესვლის თარიღად 1 ნოემბერი დასახელდა.