პანდემიის დროს ჯანდაცვის სამინისტროსგან რამდენჯერმე მოვიდა მოთხოვნა, რომ ერთი ფლიგელი მაინც გადაგვეკეთებინა კოვიდგანყოფილებად, რაზეც უარი ვუთხარი.
ამის შესახებ კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელმა ანზორ მელიამ ტელეარხ BMG-სთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, უარის მიზეზი ის იყო, რომ ის არის კარდიოლოგი და არა ინფექციონისტი, და ისეთ დონეზე ვერ წარმართავდა კოვიდპაციენტების მკურნალობას, როგორც საჭირო იყო.
„მეორე – კადრები უნდა ყოფილიყვნენ გადაკვალიფიცირებულები. იყო საშიშროება, რომ ეს ინფექცია მეორე ფლიგელში იქნებოდა. ეს რომ ყოფნა-არყოფნის საქმე ყოფილიყო, მეც დავხურავდი კლინიკას. თან დამაეჭვა იმან, რომ ყველა მასობრივად თანხმდებოდა კოვიდ განყოფილებების გახსნას. ორი წლის წინ ვიწექი ბოჭორიშვილში, მათი შედარება ახლადგახსნილ კოვიდგანყოფილებებთან არაა სწორი. ინფექციური კლინიკის ექიმებმა ჩადეს მთელი ძალისხმევა და გული მწყდება, რომ ზოგიერთი კლინიკის გამო, რომელიც შეჩვეულია იოლ ფულს, ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით. სამინისტრომ ძალიან კარგად იცის, რომელი კლინიკა რითი სულდგმულობს და უნდა დაასახელოს ეს კლინიკები,“- განაცხადა მელიამ.
კითხვაზე – როგორ უნდა აღვიქვათ ჯანდაცვის მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა სამართალდამრღვევი კლინიკა პასუხს აგებს? ანზორ მელია ამბობს, რომ დამნაშავე კლინიკები უნდა დაისაჯონ და ეს არაა მუქარა.
„თქვენ იცით ჩემი მდგომარეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთი წუთითაც არ მიგრძვნია რეპრესიები ჯანდაცვის სამინისტროსგან ( შეგახსენებთ, რომ ანზორ მელია ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას მამაა – jandacva.ge). პირიქით, გვერდში მიდგას და მეხმარება. ეს არაა მუქარა, ეს გაფრთხილებაა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. მინისტრს ბევრი ინფორმაცია აქვს და ასე სახალხოდ არ ამბობს ყველაფერს. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. სუფთანი არიან? სახელმწიფომ რამდენი მილიონი ლარი დახარჯა, და რა იყო – გვამები, გვამები, გვამები – ეს იყო შედეგი,“- აღნიშნა ანზორ მელიამ.
მისი თქმით, მას მხოლოდ სასწრაფო დახმარების მიმართ აქვს პრეტენზიები, რადგან სასწრაფო დახმარების მანქანებს პაციენტები მათთან არ მიყავს და მხოლოდ იმ პაციენტებს ამისამართებს, ვინც ამ კლინიკაში იწვა და თავად გამოთქვეს „გულში“ გადაყვანის სურვილი. “ამ მხრივ გამოსასწორებელია მდგომარეობა. ხელშეწყობა მონოპროფილურ კლინიკასაც უნდა,“- განაცხადა ანზორ მელიამ.