მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » თენგიზ ცერცვაძე კოვიდპაციენტების არასწორი მკურნალობის შემთხვევებზე საუბრობს

თენგიზ ცერცვაძე კოვიდპაციენტების არასწორი მკურნალობის შემთხვევებზე საუბრობს

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, დღეში საშუალოდ ერთზე ნაკლები კოვიდპაციენტი იღუპება

ოჯახის/ონლაინ კლინიკების ექიმების ნაწილი და ზოგიერთ COVID კლინიკაც კი სათანადო (პირდაპირი) ჩვენებების დროსაც კი არ უნიშნავს პაციენტს პაქსლოვიდს ან რემდესივირს.

COVID-19-ის პანდემია გრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც, საბედნიეროდ კლების ტენდენციით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვლავ ვინარჩუნებთ COVID გარდაცვალების შემთხვევებს მინიმალურ ნიშნულზე. ამის შესახებ ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს.

„ბოლო კვირაში იყო სულ 5 გარდაცვალების შემთხვევა (საშუალოდ ერთზე ნაკლები დღეში), იმის წინა კვირას – 6 გარდაცვალების შემთხვევა და ა.შ. უკვე ბოლო 6 თვის მანძილზე COVID გარდაცვალების შემთხვევები ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში. თითქმის მივაღწიეთ იმას, რომ COVID-ს ვმართავთ, როგორც ერთ-ერთი რიგით რესპირაციულ ინფექციას მინიმალური გავლენით ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. მაგრამ ქვეყნის ჯანდაცვას აქვს რესურსი კიდევ უფრო მეტად შევამციროთ COVID დამძიმების და გარდაცვალების შემთხვევები, რისთვისაც საჭიროა შემდეგი:

ვაქცინაცია:

სადღეისოდ დადასტურებულია, რომ ვაქცინა ყოველთვის ვერ იცავს ადამიანს COVID-ით ინფიცირებისგან, მაგრამ საიმედოდ (70-75%-ით) იცავს დაავადების დამძიმებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და ლეტალური გამოსავლისგან – განსაკუთრებით მათ, ვისაც გაკეთებული აქვთ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა/დოზები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია 60 წელზე მეტი ასაკის პირებისთვის და მათთვის, ვისაც აქვს სერიოზული თანხმლები ქრონიკული დაავადებები.

სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ძალიან კარგი, თითქმის იდეალური პირობები (მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა, გამართული ინფრასტრუქტურა, მომზადებული მედპერსონალი, მაღალი ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება), მაგრამ ამის მიუხედევად, სამწუხაროდ, საქართველოში COVID ვაქცინაციით მოცვა კვლავ დაბალია – სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 1/3. მაშინ, როდესაც ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების უმრავლესობაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 2/3-ზე მეტი. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია მოსახლეობის სკეპტიკური განწყობა ვაქცინაციისადმი. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ექიმების, მათ შორის ცნობილი ექიმების ყოვლად უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო განცხადებები COVID ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ.

დაგვიანებული მიმართვა ექიმთან:

ავადმყოფების ნაწილი COVID-ის სიმპტომების გამოვლენისთანავე არ იკეთებს COVID ტესტირებას, რომელიც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომი. ხოლო დადასტურების შემთხვევაში არაიშვიათად თავს იკავებს ექიმთან კომუნიკაციისგან, ეწევა თვითმკურნალობას და მხოლოდ უკიდურესი დამძიმების შემდეგ მიმართავს ექიმს/კლინიკას. ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს: ადამიანების ნაწილი სერიოზულად არ აღიქვამს COVID-ს და მით გამოწვეულ საფრთხეებს. ან კიდევ ხედავს რა, რომ მათმა ახლობელმა, მეზობელმა ან ნაცნობმა (მათ შორის ასაკოვანმა და თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანებმაც) იოლად გადაიტანა COVID, ფიქრობს რომ მის შემთხვევაშიც ასე იქნება. არადა, უნდა გვახსოვდეს, რომ COVID ძალიან არაპროგნოზირებადი დაავადებაა, ის შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად  (უსიმპტომოდაც კი), საშუალო სიმძიმით ან ძალიან მძიმედ, ან კიდევ დაიწყოს მსუბუქად და სწრაფად დამძიმდეს და წინასწარ ამის გამოცნობა ადვილი არ არის.

სწორი მართვა

სამწუხაროდ, ოჯახის/ონლაინ კლინიკების ექიმების ნაწილი და ზოგიერთ COVID კლინიკაც კი სათანადო (პირდაპირი) ჩვენებების დროსაც კი არ უნიშნავს პაციენტს პაქსლოვიდს ან რემდესივირს. უფრო მეტიც: არის შემთხვევები, როცა COVID ავადმყოფს მკურნალობენ აზითრომიცინით, ფლუვოქსამინით, ივერმექტინით და სხვ., რაც სერიოზული შეცდომაა და მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების დამძიმების რისკებს.

მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და გვიან დაუკავშირდნენ ექიმს და შესაბამისად დაგვიანებით დაიწყეს მკურნალობა. პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში ჰქონდათ კომუნიკაცია ექიმთან და ასრულებდნენ მათ რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ პაქსლოვიდს ან რემდესივირს, ლეტალური შედეგი არ დამდგარა.

დაბეჯითებით მინდა მოვუწოდო მოსახლეობას COVID-ის პირველივე სიმპტომების (რომლებიც ყველასთვის ცნობილია) გამოვლენისთანავე (პირველივე დღეს) ჩაიტაროს ტესტირება COVID-ზე

COVID-ის დადასტურების პირველივე დღეს დაუკავშირდნენ ოჯახის/ონლაინ კლინიკის ექიმს – ჩვეულებრივ ექიმი რეკავს პაციენტთან, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, თვითონ პაციენტი უნდა დაუკავშირდეს თავის ოჯახის/ონლაინ კლინიკის ექიმს და ზუსტად მისდიოს მის რეკომენდაციებს,“- წერს ცერცვაზე.

საჭირო შემთხვევებში და საჭირო ჩვენებისას (60 წელზე მეტი ასაკი, სერიოზული თანხმლები ქრონიკული დაავადებები, COVID-ის მძიმე მიმდინარეობა და სხვ.) აუცილებლად პირველივე დღეებში (უმჯობესია პირველ 3 დღეში) დაწყებულ იქნეს მკურნალობა პაქსლოვიდით ან რემდესივირით.

ყველა იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფის დამძიმება მაინც მოხდა, ავადმყოფი დაუყოვნებლიც გაიგზავნოს COVID კლინიკაში.

მოსახლეობამ აქტიურად გააგრძელოს ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით.

ამ არც თუ ძნელად შესასრულებელი პირობების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება ავადმყოფის დამძიმება და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-19-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …