მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მოსახლეობის 37%-ს მაღალი წნევა აქვს – რა შედეგები მოაქვს ცხოვრების არაჯანსაღ წესს

მოსახლეობის 37%-ს მაღალი წნევა აქვს – რა შედეგები მოაქვს ცხოვრების არაჯანსაღ წესს

საქართველოში წნევის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. მოსახლეობის 37% არის მაღალი წნევის მქონე, მათ ნაწილს კი უკვე კონკრეტული დაავადება აქვს ჩამოყალიბებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომელმაც გულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ისაუბრა. ეს დღე მთელ მსოფლიოში 29 სექტემბერს აღინიშნება.

„ჩვენს ქვეყანაში გულსისხლძარღვთა დაავადებები ავადობისა და ჯანდაცვის სერვისების მთავარი ტვირთია. დღევანდელი დღის სლოგანია „გულით თითოეული გულისთვის,“ რაც ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალური ძალისხმევა იქნას მიმართული გულის დაავადებების გამოვლენის და  მკურნალობისთვის,“- განაცხადა გაბუნიამ და აღნიშნა, რომ გულის დაავადებების გამოვლენისთვის მნიშვნელოვანია ადამიანებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე.

„როდესაც 2013 წელს დაიწყო საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამა, ძალიან კარგად შეუწყო ამან ხელი დაავადებების გამოვლენას და ერთ წელიწადში, 2013 წელს გულსისხლძარღვთა დაავადების გამოვლენის 196 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შემდეგ წლებში ეს შემცირდა და გასულ წელს იყო 103 ათასი, რაც მიუთითებს, რომ დაღმავალი ტენდენცია გვაქვს, მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი.

კარგი ამბავი არის ის, რომ მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებებით შეიძლება გულის დაავადებების თავიდან აცილება და სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს დღევანდელი დღე,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, გულსისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილება შესაძლებელია თამბაქოს მოწევაზე უარის თქმით, არაჯანსაღი გარემოსგან და სტრესისგან თავის არიდებით, ფიზიკური აქტივობით და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის გზით.

წნევის მაღალი გავრცელების გამო, თამარ გაბუნია ურჩევს მოსახლეობას, ხშირად იაროს ოჯახის ექიმთან და წნევა იკონტროლოს.

რაც შეეხება გართულებულ შემთხვევებს, მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება და ახალი სერვისები ემატება. სერვისებს შორისაა დეფიბრილატორებით უზრუნველყოფა, რაშიც პაციენტს მხოლოდ მცირე ნაწილის გადახდა უწევს, ასევე გულის მანკის ოპერაციის დაფინანსება და სხვა.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …