იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამედიცინო ჩარევებს საქართველოში ვერ უკეთებენ ან თავად აქვთ გადაწყვეტილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა, ყოველწლიურად დაახლოპებით 30-40 მილიონი ლარის ფარგლებში ვაფინანსებთ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის ინტერპელაციის ფორმატით, სოციალურად დაუცველთა დასაქმების საკითხზე იყო დაბარებული, თუმცა დეპუტატებმა კითხვები ჯანდაცვის სფეროდანაც დაუსვეს.
მინისტრის განმარტებით, უცხოეთში მკურნალობის დაფინანსება ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ეს სერვისები საქართველოში არაა ხელმისაწვდომი.
ამასთანავე, მისივე თქმით, გრძელვადიანად, არსებული სტრატეგიის თანახმად, ქვეყანა მაქსიმალურად ხვეწავს სამედიცინო მიმართულებით ხარისხს როგორც ექიმების, ისე კლინიკებისა და მათი კონტროლის ნაწილში, რის შედეგადაც რამდენიმე წელიწადში იმ ქვეყნებთან შედარებით გვექნება კონკურენტუნარიანი სამედიცინო სისტემა და ჩვენი მოქალაქეები გაზრდილი სანდოობის ხარჯზე დარჩებიან საქართველოში და აქ იმკურნალებენ.