კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაცია სავალდებულო არ იქნება და ამ პროცესს ნებაყოფლობითი ხასიათი ექნება, თუმცა ეს იქნება ერთერთი ფაქტორი, რომელიც აუცილებელი იქნება, რათა კლინიკამ მონაწილეობა მიიღოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ამის შესახებ ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეოს საბჭოს თავმჯდომარემ მაია მახარაშვილმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, არაა განსაზღვრული, რომელი სააკრედიტაციო ორგანო იქნება შერჩეული ამ პროცესისთვის. თუმცა, როგორც მახარაშვილი ამბობს, აკრედიტაციების გაცემის გამოცდილება ქვეყანაში უკვე არსებობს. საუბარია „ჯეისიაი“-ზე (Joint Commission International (JCI,) რომელიც აკრედიტაციის საერთაშორისო ორეგანიზაციაა. თუმცა დაშვებულია სხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობაც.
რაც შეეხება აკრედიტაციის ვადას, ის 2025 წლითაა განსაზღვრული. შესაბამისად, კლინკებს მოსამზადებლად ორი წელი აქვთ, თუმცა, როგორც მაია მახარაშვილი ამბობს, აკრედიტაციის მიღება საკმაოდ რთული პროცესია – ნებისმიერ საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს სჭირდება ადაპტორება საქართველოს კანონმდებლობასთან და რეალობასთან და კრიტერიუმების ავტომატურად გადმოტანა არარელევანტური იქნება. ამასთან, როგორც ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელი აცხადებს, ამ პროცესს სჭირდება დიდი ოდენობის ფინანსური რესურსები.
კონსილიუმ „მედულას“ დირექტორი ნიკოლოზ ფრუიძე კლინიკების აკრედიტაციასთან დაკავშირებით რაიონებში მოქმედ კლინიკებში არსებულ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„რაც უფრო დიდია საავადმყოფო, აკრედიტაციის ჩატარება მეტ რესურსს და დროს მოითხოვს. ამასთან ეს აარაა ერთჯერადი აქტი და პერიოდული გადამოწმების სისტემაა, რომელიც ტონუსში უნდა ამყოფებდეს სტაციონარებს. ეს კარგია, მაგრამ პრობლემები აქაც წარმოიქმნება. პირველ რიგში, მგონია, რომ ერთნაირ პირობებში ვერ იქნებიან თბილისსა და რეგიონებში არსებული საავადმყოფოები. და რამდენად სწორი იქნება ორმაგი სტანდარტის შემოღება, რომ დიდი ქალაქების საავადმყოფოებს ერთი სტანდარტი მივცეთ და რაიონის მეორე.. არა იმიტომ, რომ რაიონის საავადმყოფოებს არ უნდათ სტანდარტის დაკმაყოფილება. უბრალოდ, იქ პრობლემებია და ეს ყველამ ვიცით. ყველაზე დიდი დეფიციტი ექთნებით და ექიმებით დაკომპლექტებაა. მეორე მხარეა, რომ შესაძლოა ინფრასტრუქტურა ყოველთვის ვერ შეესაბამებოდეს სტანდარტს. არის რაიონების კლინიკები, სადაც დატვირთვა დაბალია. არ ვიცი, როგორ მოხდება ამის გადაწყვეტა,“ – აღნიშნა ფრუიძემ.
შეგახსენებთ, რომ კლინიკების აკრედიტაციის პროექტი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დააანონსა. მისი თქმით, პროექტი 2025 წლიდან დაიწყება.