სკოლებში, სწავლის პროცესში კოვიდ 19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, ინფიცირებულის კონტაქტები იზოლაციაში აღარ გადავლენ, მათ მხოლოდ იმის ვალდებულება ექნებათ, რომ 10 დღის განმავლობაში პირბადე ატარონ. ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის 10 სექტემბრის ბრძანებაში, რომლითაც ,,სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
ასევე მოხსნილია ერთმეტრიანი დისტანციის დაცვის და პირბადის ტარების ვალდებულება.
ამასთან, ძალაში რჩება უსაფრთხოების ისეთი ზომები, როგორიცაა ანტისეპტიკური ხსნარის დისპენსერების განთავსება სკოლის შენობაში, რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.), ან ცხელების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, მოსწავლე (პირბადით) დროებით გადაყვანილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახში /სივრცეში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე. საიზოლაციო სივრცეში მყოფ ყველა პირს უნდა ეკეთოს პირბადე.
სასწავლო ოთახები, ადმინისტრაციული სათავსები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერებით. სკოლამ უნდა უზრუნველყოს სანიტარიული წერტილების სანიტარული დასუფთავება ყოველი დასვენების შემდეგ.
სკოლამ, რომელსაც აქვს ერთზე მეტი ცვლა, მომდევნო ცვლის დაწყებამდე უნდა უზრუნველყოს სასწავლო ოთახების და სკოლების საერთო სარგებლობის ფართების სრული სანიტარიული დასუფთავება და განიავება, ყოველი სასწავლო დღის შემდგომ კი – საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/სანიტარიული დამუშავება.
jandacva.ge