მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „პაციენტს თანაგადახდა აღარ მოუწევს ან ეს იქნება მინიმალური თანხა“ – როდის ამოქმედდება DRG- სისტემა?

„პაციენტს თანაგადახდა აღარ მოუწევს ან ეს იქნება მინიმალური თანხა“ – როდის ამოქმედდება DRG- სისტემა?

როდის გადავა ჰოსპიტალური სექტორი ანაზღაურების ახალ, DRG სისტემაზე, ჯერჯერობით უცნობია. ამ საკითხზე განმარტებები ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით არ კეთდება. ინფორმაციას არ ფლობს არც ჯანდაცვის ასოციაცია, სადაც ამბობენ, რომ შვებულებების პერიოდის გამო ამ საკითხზე მათ სამინისტროსთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ბოლომდე სახელმწიფო ყველა კლინიკას ახალი მეთოდით დააფინანსებს. საუბარია, დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდულ მოდელზე – DRG.

DRG მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ უკვე დაიწყო DRG-ის დანერგვის პილოტური პროექტი, რამდენიმე შერჩეულ კლინიკაში. 2022 წლის ბოლოს კი, სისტემა მზად იქნება, რომ ყველა კლინიკაში ამოქმედდეს.

ივნისის ბოლოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა, რომ

სექტემბრის დასაწყისიდან კლინიკების დაფინანსების „დიარჯი“ მეთოდზე ეტაპობრივად გადასვლა სავსებით რეალისტურია.

მისი თქმით, დიარჯიზე გადასვლა 2 და 3 თვეში შეუძლებელია, თუმცა მასზე მუშაობა 2022 წლის დასაწყისში არ დაწყებულა, 2017 წლიდან დაიწყო და პროცესი პანდემიის გამო შეჩერდა. შესაბამისად, როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რადგან სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია, სექტემბრიდან მისი დანერგვა შესაძლებელია.

ჯანდაცვის ექსპერტი თენგიზ ვერულავა jandacva.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული სისტემის შემოღებასთან ერთად უნდა დაიწყოს სელექტიური კონტრაქტირება, რაც ნიშნავს იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც დადგენილ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ. მისი თქმით, ესაა მნიშნელოვანი რეფორმა, რომელმაც პაციენტები ზედმეტი დანახრჯებისგან უნდა დაიცვას.

„როდესაც პაციენტს მაგალითად სტენტირება სჭირდება, ის რეკავს სხვადასხვა კლინიკაში. ზოგან ეუბნებიან, რომ ეს გარკვეული თანხა ღირს, საიდანაც სახელმწიფო მხოლოდ ნაწილს აფინანსებს. მეორეში სხვა ფასს ეუბნებიან, რათა მათი ფასნამატი განსხვავებულია და ა.შ. პაციენტი გაურკვევლობაშია. DRG სისტემის ამოქმედების შემთხვევაში კი ყველა კლინიკისთვის, ყველა სერვისის შემთხვევაში, იარსებებს სტანდარტი, რომელსაც კლინიკები გვერდს ვერ აუვლიან და იქნება ტარიფი, რომელსაც ისინი ვერ გაზრდიან. ამიტომ პაციენტსაც თანაგადახდა ან საერთოდ არ მოუწევს, ან ეს იქნება მინიმალური თანხა,“ – განაცხადა თენგიზ ვერულავამ.

მისი თქმით, სელექციური კონტრაქტირების გარეშე DRG-ის შემოღება არალოგიკურია და ეს ორი რეფორმა ერთმანეთს ფეხდაფეხ უნდა მიყვებოდეს, რადგან არ შეიძლება სახელმწიფო თანხებს იღებდეს და პაციენტებს მკურნალობდეს კლინიკა, რომელიც კორპუსის მე-12 სართულზეა გახსნილი და საცხოვრებელი ოთახები რეანიმაციულ პალატებად აქვს გადაკეთებული.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად რეალისტურია სექტემბრიდან ახალი სისტემის ამოქმედება, ექსპერტი ამბობს, რომ ეს სისტემა ქვეყანაში დატესტილია და მის დანერგვას მხოლოდ ნება სჭირდება.

„სამწუხაროდ, მიჭირს ამ კითხვაზე პასუხი, რადგან ჩვენ ტურბულენტურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ბევრი რამ არჩევნებზეა დამოკიდებული და სადაც მაგალითად ერთ სადაზღვევო ან ფარმაცევტულ კომპანიას არჩევნების დროს შეუძლია მილიონი ლარი გაიღოს,“ – აცხადებს თენგიზ ვერულავა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ  DRG-ის ამოქმედება აუცილებელია.

jandacva.ge

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …