მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის” დირექტორის თქმით, სახელმწიფო კლინიკების რაოდენობა უნდა გაიზარდოს

“ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის” დირექტორის თქმით, სახელმწიფო კლინიკების რაოდენობა უნდა გაიზარდოს

ქართული სამედიცინო სექტორისთვის მთავარი გამოწვევა დაფინანსებაა.  ამის შესახებ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო დირექტორი ირაკლი გოგოხია გამოცემა The economist-თან საუბარში აცხადებს.

,,ამერიკული ჰოსპიტალი თბილისისთვის“ მნიშვნელოვანია ამერიკული დონის სამედიცინო სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში და ეს უნიკალური პროექტიც, რომელიც აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის, კერძო ინვესტორის თანამონაწილეობით დაიგეგმა, ამ მიზნის მიღწევას ემსახურება. ჩვენ გვსურს, გავხდეთ ლიდერები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე რეგიონში და შევქმნათ ერთგვარი მულტისერვისული, გამორჩეული სამედიცინო ჰაბი. ჰოსპიტალმა სრულად ფუნქციონირება 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, თუმცა, რამდენიმეთვიანი ოპერირების შემდეგ, მომხმარებელს უკვე ვთავაზობთ უსაფრთხო და ხარისხიან მკურნალობას საუკეთესო გარემოში, გამორჩეული პროფესიონალებით. ჩვენი გუნდი, ძირითადად, დაკომპლექტებულია ახალგაზრდა ექიმებით, რომელთა უმრავლესობას სხვადასხვა უცხოურ ქვეყანაში აქვს გავლილი ე.წ. ფელოუშიპი, ან რეზიდენტურის პროგრამა. მათი ცოდნისა და გამოცდილების დამსახურებით, ჩვენ მომხმარებლისთვის არაერთი სერვისის მიწოდება შეგვიძლია,“- აცხადებს გოგოხია.

მისი თქმით, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ აერთიანებს რამდენიმე ექსელენს-ცენტრს, ესენია: ტრავმა-ორთოპედიული, ნეიროქირურგიული, ონკოლოგიური, მინიინვაზიური, პედიატრიული და გულსისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრები. 183 საწოლზე გათვლილ ჰოსპიტალში ყველა პალატა მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რათა პაციენტის უსაფრთხოება და კომფორტი თანაბრად უზრუნველვყოთ და ავიყვანოთ უმაღლეს ნიშნულამდე.

„შესაძლებლობები, რომლებიც ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისს“ აქვს, რა თქმა უნდა, დიდი დაფინანსების დამსახურებაა. ქართული სამედიცინო სექტორისთვის, ძირითადად, სწორედ დაფინანსებაა მთავარი გამოწვევა.

აშშ-ის შემთხვევაში, გარდა კერძო სადაზღვევო სექტორის შესაძლებლობებისა, თავად სახელმწიფოც ზრუნავს სერვისის მიმღებსა და გამცემს შორის ფინანსური საკითხის მოგვარებაზე. ერთ სულ მოსახლეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში $17 000 იხარჯება ყოველწლიურად, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი საქართველოში 1000 ლარს არ სცდება. თუ იკითხავთ, როგორია მდგომარეობა ქართულ სამედიცინო სექტორში, გიპასუხებთ, რომ საკმაოდ პრობლემურია არსებული მოცემულობა. ჩვენთან ბაზარი არაბუნებრივადაა გაჯერებული. კლინიკების რაოდენობა საკმაოდ დიდია, მომართვიანობა კი − დაბალი. მაგალითად, მილიონ-ნახევრიან თბილისში, საშუალოდ 100-საწოლზე გათვლილ ჰოსპიტლებში საწოლფონდის ნახევარი მუდმივად გამოუყენებელი რჩება. ამას კი ორი მიზეზი აქვს: უპირველეს ყოვლისა, მრავალი ახალი კერძო კლინიკის გახსნა, რომლებიც არა სიახლეების შემოტანაზე, არამედ არსებულის ადაპტირებაზეა გათვლილი. მეორე მხრივ კი, არასწორი მენეჯმენტი. ხორციელდება საკმაოდ დიდი ინვესტიცია, ხოლო ამოღების შესაძლებლობა ნაკლებია. ეს, თავის მხრივ, ართულებს რეინვესტირების პროცესს. არადა, საქართველოს მსგავს პატარა და ნაკლებად მსყიდველუნარიან ქვეყანაში ფინანსები ძალიან საჭიროა. ამის გარეშე რთულია ექიმების დატრენინგება, ახალი აპარატურის შეძენა, ან თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. ისეთი მუდმივად განვითარებადი სფეროსთვის კი, როგორიც მედიცინაა, მსგავსი ცვლილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ პრობლემის მოგვარების გზად სახელმწიფო კლინიკების რაოდენობის ზრდას მივიჩნევ,“ – აღნიშნავს ირაკლი გოგოხია.

ის იხსენებს გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ პერიოდს, როცა ხელისუფლებამ საკუთარ ბალანსზე არსებული ჰოსპიტლები სრულად გადასცა კერძო სექტორს და ფაქტობრივად, შეუქცევადი გახდა მათი დომინირება ბაზარზე. დღეს კი სახელმწიფო კლინიკების რაოდენობა 5%-ს არ სცდება.

„ვფიქრობ, თუ იარსებებს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მეტი სამედიცინო დაწესებულება, გაიზრდება თამასა. მეორე გამოსავალი მაღალ ხარისხზე, გამორჩეულ სერვისსა და სწორ მენეჯმენტზე ორიენტირებაა. მაშინ, როცა ონკოქირურგიის, კარდიოქირურგიისა თუ ნეიროქირურგიის მსგავს მაღალტექნოლოგიურ სერვისებზე მოთხოვნა 10-ჯერ მცირეა, ვიდრე შესაბამისი სერვისის მიმწოდებელი კლინიკების რაოდენობა, კონკურენციასთან გამკლავების მთავარ საშუალებად საუკეთესო ხარისხის მიწოდება მესახება. რა თქმა უნდა, ხარისხი შესაბამის ფინანსებს მოითხოვს, თუმცა კლინიკებისთვის, სადაც დიდი ინვესტიციაა დაბანდებული, ხარისხზე ზრუნვა ერთადერთი სწორი მიდგომაა. სწორედ ასე შეიძლება კონკურენციის დაძლევა და ადამიანების მოზიდვა. ×ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ სწორედ ამაზეა ორიენტირებული.

ჩვენი მიზანია, არა მარტო გავხდეთ ლიდერები ჯანდაცვის სექტორში, არამედ გავიაროთ Joint Commission International (JCI)-ის სრული აკრედიტაცია, რის შემდეგ, ჩვენი სახით, საქართველოში ამოქმედდება პირველი გლობალური მასშტაბის ჰოსპიტალი, რომელიც JCI-ის დონის გავლენიანი ორგანიზაციის აკრედიტაციას მიიღებს. ჩვენი მისიაა, ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო სტანდარტებით, მედიცინის უახლესი მიღწევებით, ინოვაციებით, და შევქმნათ პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება. ამასთან, ვისწავლოთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და უზრუნველვყოთ ამ ცოდნის დანერგვა.  შესაბამისად, მომავალს ასე ვხედავთ: დავეხმაროთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ევოლუციაში, პაციენტების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზით და გავხდეთ საიმედო სერვისის მიმწოდებლები,“- განაცხადა „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო დირექტორმა.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …