ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგების თანახმად, კორონავირუსით დაინფიცირება ზრდის თავის ტვინის სხვადასხვა დაავადების გაჩენის რისკს. კვლევა სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.
ანალიზმა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონზე მეტი ადამიანის სამედიცინო ჩანაწერებს ეფუძნება, აჩვენა, რომ კორონავირუსის გადატანიდან ორი წლის შემდეგ იზრდება დემენციის, ეპილეფსიის, ფსიქოზის და კოგნიტური დეფიციტის განვითარების რისკები. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ კოგნიტური დეფიციტი კოვიდგადატანილ, ზრდასრულ მოსახლეობაში გავრცელებული დაავადებაა.
„კვლევა საშუალებას გვაძლევს, დავაფიქსიროთ მნიშვნელოვანი ფსიქონევროლოგიური შედეგების სიხშირე ადამიანებში, რომლებსაც კოვიდ-19 ჰქონდათ, მათთან შედარებით, ვისაც ის არ ჰქონია,“ – განაცხადა რეაბილიტაციის საკითხებში ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა ნიუ-იორკში დევიდ პუტრინომ.
კვლევის ავტორები პოზიტიურ მიგნებებზეც საუბრობენ – მათი თქმით, მალე ქრება ისეთი სიმპტომები, როგორიც დეპრესია და შფოთვაა.
კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის უფორი მეცნიერ-თანამშრომლის მაქსიმ ტაკეს ხელმძღვანელობით ჩატარდა.
მეცნიერებმა კოვიდგადატანილი 1,3 მილიონი პაციენტის მონაცემები შეადარეს იგივე რაოდენობის იმ პაციენტების სიმპტომებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში სხვა რესპორატორული დაავადებები ჰქონდათ. პირველ კატეგორიაში შევიდნენ ის პაციენტები, რომლებმაც კოვიდ-19 მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, ანუ ომიკრონის დომინანტობის პერიოდში გადაიტანეს.
კვლევების თანახმად, პოსტკოვიდური გართულების რისკები დამოკიდებულია ასაკზე, ამასთან, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან 65 და უფრო მაღალი ასაკის ადამიანები.
18-დან 64 წლამდე პაციენტებისთვის კი ყველაზე დიდი რისკი კოგნიტური დეფიციტი აღმოჩნდა, რომელიც ამ ასაკობრივ კატეგორიაში 6,4%-ს დაუდასტურდა.
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ხანდაზმული ადამიანების 4,5%-ს კოვიდის გადატანიდან 2 წლის განმავლობაში დაეწყო დემენცია, მეორე, საკონტროლო ჯგუფში კი ასეთი შემთხვევები 3,3%-ში აღინიშნა. მეცნიერები ამბობენ, რომ რისკების 1,2 პროცენტულ პუნქტიანი ზრდა ისეთი დიაგნოზის შემთხვევაში, როგორიც დემენციაა, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.
ერთერთი მეცნიერის ჰანა დევისის განცხადებით, კვლევის შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან აბათილებს მოსაზრებას, რომ ომიკრონი „უფრო მსუბუქი“ შტამია.
„საწყისი ინფექციის სიმძიმეს არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გრძელვადიან შედეგებზე, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას ანგრევს,“ – განაცხადა პუტრინომ.