პაპილომავირუსზე აცრის მოცვა საქართველოში სამიზნე პოპულაციის 25%-ს შეადგენს. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „ჯანმრთელობის დაცვა საქართველო -2022“.
აღნიშნული აცრა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციას პრაქტიკულად სრულად ახდენს.
2021 წელს საქართველოში საშვილოსნოს ყელის სიმსივნის დიაგნოზი 281 ქალს დაუსვეს.
ამ დაავადების თავიდან აცილების მიზნით პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოში რამდენიმე ათეული წელია არსებობს, საქართველოში კი ამ სახის იმუნიზაცია 2019 წლიდან დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ასაკობრივი ზღვარი გაიზარდა და ამ ეტაპზე 10-დან 18 წლამდე გოგონებისთვის ვაქცინაცია სრულიად უფასოა. მისი გაკეთება პოლიკლინიკებშია შესაძლებელი. 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვიანი ინტერვალით კეთდება, 15-18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში სამჯერადი დოზა გამოიყენება და 0-2-6-თვიან ინტერვალებს მოიცავს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გასულ წლებში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ტემპებზე უარყოფითი გავლენა პანდემიამ მოახდინა, თუმცა ასაკობრივი ზღვარის გაზრდამ აცრის მსურველთა ნაკადების ზრდის ტენდენცია აჩვენა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს ავთვისებიანი სიმსივნეებით გამოწვეული გარდაცვალების მაჩვენებელი სიდიდით მესამეა (13%) გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და კოვიდის შემდეგ. მეტიც: 2021 წელს 100 ათას მოსახლეზე 280 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც წინა წელთან შედარებით 30-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბოლო წლებში ნარჩუნდება მესამე და მეოთხე სტადიებზე რეგისტრირებული დაავადებების მაღალი წილი (39.1%), რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სიმსივნეების სკრინინგი და მკურნალობა ძალიან დიდ გამოწვევად რჩება ჯანდაცვის სისტემაში. სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ სკრინინგის პროგრამებში, რომლებიც უფასოა და გეოგრაფიულადაც ხელმისაწვდომია.