საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვით მოცვის ინდექსი მაქსიმალური 100 ქულიდან 65 ქულა აქვს და ამ კუთხით ქვეყნის პოზიცია შეფასებულია როგორც „მნიშვნელოვანი გამოწვევა“.
ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „ჯანმრთელობის დაცვა საქართველო -2022“.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის მიღწევები შეფასებულია SDGs-ს მიხედვით („მდგრადი განვითარების მიზნები 2030 წლისათვის’’ (Sustainable Development Goals – SDGs), რომელიც გაეროს სამიტზე იქნა მიღებული 2015 წელს. SDG-ის ზოგადი პროგრესის შესაფასებლად, შემუშავებულ იქნა ე.წ. SDG-ის ზოგადი ინდექსი, რომელიც წარმოადგენს ყველა მიზნის შესრულების შეჯერებულ მაჩვენებელს. SDG-ის ზოგადი ინდექსით საქართველო 163 ქვეყანას შორის 51-ე ადგილს იკავებს.
აღნიშნულ მიზნებს შორის საქართველოს საუკეთესო მიღწევები აქვს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა დედათა სიკვდილიანობის, 5 წლამდე სიკვდილიანობის, ნეონატალური სიკვდილიანობის, აივ ინფექციის ინციდენტობის, კვალიფიცირებული პერსონალის მიერ მიღებული მშობიარობების, ჩვილთა აცრის მაჩვენებლების შემცირება.
კატეგორიაში „რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად“ კი მოხვდა შემდეგი მიმართულებები: საყოველთაო ჯანდაცვით მოცვის ინდექსი, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას (73.3 წელი), საგზაო შემთხვევით გამოწვეული სიკვდილიანობა (100 000 მოსახლეზე 12.4), საყოფაცხოვრებო ჰაერის დაბინძურებით და გარემოს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა (100 000 მოსახლეზე 102), არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა (100000 მოსახლეზე 24.9).