მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » რეაბილიტაცია, გრძელვადიანი და პალიატიური სერვისები – საყოველთაო ჯანდაცვის ხარვეზები

რეაბილიტაცია, გრძელვადიანი და პალიატიური სერვისები – საყოველთაო ჯანდაცვის ხარვეზები

საქართველოს მოსახლეობა დაავადებების გამო კატასტროფული დანახარჯების ზრდის რისკის წინაშე დგას. ამასთან, რეაბილიტაციის, გრძელვადიანი მოვლისა და პალიატიური მოვლის სერვისების სრული მოცვა სრულყოფილად არ არის უზრუნველყოფილი.

ამის შესახებ საქართველოს 2022 − 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაშია ნათქვამი, რომელიც 2030 წლამდე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების სახელმძღვანელო დოკუმენტია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2013 წლიდან დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლითაც სახელმწიფომ თითოეული მოქალაქისათვის შექმნა სამედიცინო მომსახურების კატასტროფული დანახარჯებისაგან   დაცვის მექანიზმი. 2017 წლიდან პროგრამის დაფინანსების ძირითადი პრინციპი მოქალაქეთა  შემოსავალს დაეფუძნა და უფრო მეტად საჭიროებაზე ორიენტირებული და სოციალურად სამართლიანი გახდა.

დოკუმენტის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის შედეგად, თითქმის გახუთმაგდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები (2012 წელი – 450 მლნ. ლარი, 2020 – 1680 ლარი, ხოლო 2021 წელი – 2330 მლნ. ლარი). ამასთან აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლებში, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების მკვეთრი ზრდა დიდ წილად უკავშირდება ახალი კორონავირუსის პანდემიას, თუმცა მკვეთრი ზრდის მიუხედავად,  ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მშპ-ში ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო

დანახარჯების წილი (3%) ჯერ კიდევ ჩამორჩება გაეროს უნივერსალური ჯანდაცვის დეკლარაციით განსაზღვრულ ზღვარს 5%-ს.

„ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და, შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა განსაკუთრებით იმ პირებისთვის, რომელთა მოცვა აქამდე არ ხდებოდა (საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებით მოცვის ინდექსი – 1996 – 46.7% და 2019 – 68.1%). შემცირდა ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი და 2020 წელს, პირველად სახელმწიფო დანახაჯების წილმა გადააჭარბა ჯიბიდან გადახდებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯიბიდან გადახდების წილი, კვლავ აღემატება ჯანმოს მიერ დადგენილ 30%-იან დონეს, რაც ავადმყოფობასთან დაკავშირებული კატასტროფული დანახარჯების მატების რისკზე მიუთითებს,“- ნათქვამია სტრატეგიაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ უზრუნველყო  პაციენტებისთვის სამედიცინო დაწესებულებების თავისუფალი არჩევანი, თუმცა, პირველადი ჯანდაცვის, როგორც  სისტემის  ეგრეთ წოდებული „მეკარიბჭის“ ფუნქცია, კვლავ სუსტი რჩება. ამიტომ პირველადი ჯანდაცვის სერვისების არასაკმარისად გამოყენება განაპირობებს ძვირადღირებული სპეციალიზებული მოვლის არარაციონალურ გამოყენებას და ფინანსური რესურსების არაეფექტიანად ხარჯვას, რისი მიზეზებიც დამატებით მოკვლევას საჭიროებს.

სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ პჯდ სისტემის გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ინიცირება და 2020 წლიდან პირველადი ჯანდაცვის სფეროში სელექტიური კონტრაქტირების დანერგვა, რის შედეგადაც მოხდა მწირი შესაძლებლობების და დატვირთვის მქონე დაწესებულებების გამოთიშვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ისე, რომ შენარჩუნდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.

საერთო ჯამში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებას მოყვა სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა,  სამედიცინო სერვისების უტილიზაციის მატება, ფინანსური ბარიერების შემცირება და  მოცვის გაფართოვება.  თუმცა, რეაბილიტაციის, გრძელვადიანი მოვლისა და პალიატიური მოვლის სერვისების სრული მოცვა სრულყოფილად ჯერ არ არის უზრუნველყოფილი.

სამედიცინო სერვისების მოცვის ზრდასთან ერთად, გამოწვევად რჩება ისეთი საკითხები, როგორიცაა: სტაციონარული და გადაუდებელი სერვისების პრიორიტიზაცია პირველად ჯანდაცვასთან შედარებით; ამბულატორიული მედიკამენტებით შეზღუდული მოცვათანაგადახდების კომპლექსური სისტემა; ლიმიტის ფარგლებში პროგრამული თანხის ანაზღაურება, ხოლო თანაგადახდებზე ზედა ზღვარის არარსებობა, ბიუროკრატიული პროცედურები და სხვ.

არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, სტრატეგიული შესყიდვის მექანიზმების დანერგვისთვის, 2020 წელს შეიქმნა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, რომელიც ადმინისტრირებას უწევს  სამედიცინო სერვისების შესყიდვას და ზედამხედველობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და ჯანდაცვის ვერტიკალური პროგრამების ფარგლებში. იგი თანამშრომლობს 462 სამედიცინო დაწესებულებასთან. მისი ამოქმედების შემდეგ, დოკუმენტის თანახმად, მოწესრიგდა კლინიკებისადმი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემა და ვადები.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …