მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „ტარიფები შესალოა გადასახედი იყოს, მაგრამ ამისთვის გვჭირდება მყარი არგუმენტაცია“ 

„ტარიფები შესალოა გადასახედი იყოს, მაგრამ ამისთვის გვჭირდება მყარი არგუმენტაცია“ 

ტარიფები შესალოა გადასახედი იყოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა მყარი არგუმენტაცია, რადგან ხდება ბიუჯეტის თანხების ხარჯვა – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელშიც ჯანდაცვის ასოციაციის მოთხოვნას შეეხო. შეგახსენებთ, რომ ასოციაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კერძო კლინიკებისთვის 2013 წელს დადგენილი ტარიფების გაზრდას ითხოვს.

როგორც მინისტრი ამბობს, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის თანხები, რომლებიც ამა თუ იმ სერვისზე იხარჯება, არის ადეკვატური და სამართლიანი და ეს ტარიფი არის იმდენი, რომ ამ ტარიფის მიხედვით ესა თუ ის კლინიკა ორიენტირებული იყოს პაციენტის მომსახურების ხარისხზე.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ის სტანდარტები,  რის დაკმაყოფილებასაც სახელმწიფო ითხოვს კლინიკებისგან, ელემენტარულია – ესაა სტანდარტები ინფექციების კონტროლის კუთხით. სხვა დანარჩენი კი, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობასთან ან „განსაკუთრებული ჰონორარის მქონე ექიმების მიერ ოპერაციების ჩატარებასთან“, ეს სხვა ეტაპია. ახლა კი, მინისტრის თქმით, მოწმდება ელემენტარული სტანდარტი, რაც აუცილებელია, რომ ქვეყანაში არსებობდეს და მკაცრად კონტროლდებოდეს ეს მიმართულება. მისივე განმარტებით, სწორედ ამ პროცესს მიყვება ტარიფების სამართლიანი დაანგარიშება.

„ქვეყანაში გვაქვს სამედიცინო სექტორი, რომელიც 80%-ით – ოდნავ მეტით – უზრუნველყოფილია კერძო კლინიკებით, დანარჩენია სახელმწიფო კლინიკები. აქ პრინციპული განსხვავებაა – როცა სახელმწიფო კლინიკებია, ეს სრულად შეიძლება ორიენტირებული იყოს მხოლოდ პაციენტისთვის მომსახურების  გაწევაზე და შემოსავლიანობა მინიმუმ აკმაყოფილებდეს გაწეულ ხარჯებს. კომერციულ კლინიკებს რაც შეეხება – ამ თვეშიც ბევრი გაიხსნა, წინა თვეებშიც, ანუ არის რაღაც კომერციული ინტერესი. ამიტომ იხსნება ამდენი კლინიკა და ამდენი წლის განმავლობაში მივიღეთ ეს შედეგები. ყველა კვლევით დასტურდება, რომ დღეს კლინიკურ სექტორში 2,5-ჯერ, 3-ჯერ მეტი გვაქვს კლინიკები და ასევე სამედიცინო საწოლები. ამიტომ იმის საშიშროება, რომ რომელიმე ქალაქში ვერ მივაწოდოთ ესა თუ ის მომსახურება მოქალაქეებს, ნაკლებადაა,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა და კიდევ ერთი სტატისტიკა მოიყვანა, რომლის თანახმად, კლინიკებში საწოლების წლიური დატვირთულობა მაქსიმუმ 45%-ია.

„ხომ შეუძლებელია, ამ დატვირთულობით 100%-იან შედეგამდე მივიდნენ, რანაირადაა შესაძლებელი, ფინანსურად ამას მიაღწიონ?! თუ რომელიმე კლინიკა დაუტვირთავია, მის დატვირთვას რომ გაზრდილი ტარიფის ხარჯზე მივაღწიოთ, არასწორია. უნდა იყოს ოპტიმიზაციის ხარჯზე და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი,“- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …